"პუტინი წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდა:უკრაინელი მამაცი დამცველების მოქმედებით კრემლს ჩადენილი სისულელე ძვირად უჯდება"-The Daily Telegraph 08.05.2026 18:12

ბრიტანული „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 8 მაისის ნომერში გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით "პუტინი წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდა: უკრაინელი მამაცი დამცველების მოქმედებით კრემლს ჩადენილი სისულელე ძვირად უჯდება".

 გთავაზოთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

სამხედრო აღლუმი, რომელიც მოსკოვში, გამარჯვების დღის აღსანიშნავად, შაბათს, 9 მაისს უნდა გაიმართოს, როგორც ჩანს, ისე მუქარით აღარ ჩაივლის, როგორც წინა წლებში ხდებოდა ხოლმე. მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტურ გერმანიაზე სსრ კავშირის გამარჯვების შემდეგ ტრადიციად ქცეული სამხედრო აღლუმები კრემლისთვის ყოველთვის იყო მისი შეიარაღებული ძალების ძლიერებისა და გამარჯვებების სიმბოლო - ჯერ კომუნისტი ლიდერებისათვის, შემდეგ კი რუსეთის პრეზიდენტებისათვის - რუსებში ეროვნული სულისა და პატრიოტიზმის გრძნობის გასაღვივებლად. დღეს ვლადიმერ პუტინიც ასევე ცდილობს, თუმცა წლევანდელი სამხედრო აღლუმის რეიტინგი დაქვეითებულია: კრემლი შიშობს - ვაითუ უკრაინულმა დრონებმა მოსკოვზე დარტყმა განახორციელონო. როგორც გაცხადდა, აღლუმში სამხედრო ტექნიკა მონაწილეობას არ მიიღებს.

დიახ, რუსეთის ჯარების აღლუმი მოპოვებული გამარჯვების ერთგვარი სიმბოლოც არის, მაგრამ რომელი გამარჯვება მოიპოვა კონკრეტულად ვლადიმერ პუტინის არმიამ?

უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის თებერვლის ბოლოს დაწყებული ომი უკვე ბევრად უფრო დიდ ხანს გრძელდება, ვიდრე „დიდი სამამულო ომი“ (ასე უწოდებს რუსეთი ნაცისტურ გერმანიასთან 1941-45 წლებში მომხდარ სამხედრო კონფლიქტს) და არის ფაქტები, რომ ბოლო დროს რუსული არმია ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთზე უკან იხევდა. მსხვერპლის რაოდენობა ისევ მაღალი რჩება. კრემლი ცდილობს თავისი ჯარის ამასწინანდელი უმოქმედობა კლიმატური მოვლენებით ახსნას - გაზაფხულის უამინდობით, უგზოობით... რომელიც უკვე მთავრდება და შეიძლება ფრონტი გააქტიურდეს.

რაც შეეხება უკრაინელ სამხედროებს, მათ თავიანთი წარმატება დონბასის ფრონტის ხაზიდან ბევრად უფრო შორს - აშშ-ირანის საჰაერო ფრონტის ხაზზე მოიპოვეს: კიევმა თავისი დახმარება შესთავაზა სპარსეთის ყურის ქვეყნებს ირანული დრონებისა და რაკეტებისგან თავდასაცავად. კიევის ჩანაფიქრი ნათელია: მას არ სიამოვნებს, რომ ირანთან ომის შედეგად   ნავთობზე მსოფლიო ფასები იზრდება - ამით ხომ რუსეთი სარგებლობს და თან ირანს მხარს უჭერს. ამიტომ ვოლოდიმირ ზელენსკი ცდილობს ყურის არაბული ქვეყნების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება გამოხატოს.

რუსეთის მხარდაჭერა ირანის მიმართ ვაშინგტონისთვისაც არ არის შეუმჩნეველი. არ არის გამორიცხული, რომ  მოსკოვის მიერ თერანისადმი გამოხატული მხარდაჭერის გამო, ვაშინგტონი კიევს დაეხმაროს. ვოლოდიმირ ზელენსკის ყველაზე მეტი მიზეზი აქვს ამაზე იფიქროს, დონალდ ტრამპის წინააღმდეგობრივი და ცვალებადი ხასიათის გათვალისწინებით.

სხვათა შორის, შესამჩნევია ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: რუსეთის არმიის „ბრწყინვალების“ გაფერმკრთალების კვალობაზე, უკრაინა მისაბაძ და სამაგალითო ქვეყნად გადაიქცა. რა თქმა უნდა, უკრაინას კვლავ ჭირდება დასავლეთის დახმარება, მაგრამ მისი სამხედრო ინოვაციები, განსაკუთრებით დრონების წარმოების საკითხში, სხვა ქვეყნების არმიებში დიდი მოთხოვნით სარგებლობს.

 

არ არის რაიმე ნიშანი იმისა, რომ ვლადიმერ პუტინმა ომზე უარი თქვას და შეწყვიტოს. მან, ყოველი შემთხვევისათვის, თავის ქვეყანაში რეპრესიებს აძლიერებს. შესაძლოა შაბათმა, 9 მაისმაც აჩვენოს, თუ როგორ აიძულებენ მამაცი უკრაინელი სამხედროები კრემლს ძვირად დაუჯდეს ის სულელური ნაბიჯი, რომელიც მან ომის დაწყებით გადადგა.

 

 

წყარო:

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ