"ირანული დილემა, რომლის გადაწყვეტაზე აშშ ჯიუტად უარს ამბობს" -Foreign Policy 11.05.2026 23:24

„ვაშინგტონი ათწლეულების განმავლობაში ცდილობს ირანთან ერთდროულად კიდეც მოილაპარაკოს და რეჟიმის ცვლილებასაც მიაღწიოს", - ნათქვამია ამერიკულ ჟურნალ „ფორინ პოლისში" (Foreign Policy) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ირანული დილემა, რომლის გადაწყვეტაზე აშშ ჯიუტად უარს ამბობს" (ავტორი - ფარიდ ზაკარია, ცნობილი ამერიკელი მიმომხილველი და ანალიტიკოსი, ტელეარხ CNN-ის გადაცემის წამყვანი).

 

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემცირებით:

 

აშშ-ის პოლიტიკა უკვე ნახევარი საუკუნეა ორ სრულიად წინააღმდეგობრივ მიზანს ისახავს. რატომ არის, რომ პლანეტის უძლიერესი ქვეყანა ვერ ისრულებს თავის სურვილს ბევრად უფრო პატარა და სუსტ სახელმწიფოსთან, მით უმეტეს, ეკონომიკური სანქციებითა და სამხედრო დარტყმებით დაზარალებულთან?

 

ერთი მხრივ, ყველაზე მარტივი და უბრალო წესი პრობლემის გადაჭრისა, რომელიც აშშ-ის წინაშე დადგა ირანთან ომის დროს, არის ის, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა „თამაშის თეორიას" მიმართოს. მართლაც, დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა ისარგებლოს თამაშით - „ვინ შეშინდება პირველი და უკან დაიხევს": წარმოიდგინეთ ორი ავტომრბოლელი, რომლებიც პირდაპირ - „შუბლებით შესაჯახებლად" - ერთმანეთისაკენ მიჰქრიან. ასეთ სიტუაციებში იმარჯვებს ის, ვისაც რაიმე დასაკარგი აქვს და ვისი ფსონიც მაღალია. ირანის რეჟიმისათვის წაგება იმას ნიშნავს, რომ ის დაემხობა და განადგურდება. დონალდ ტრამპისთვის კი წაგება მხოლოდ უხასიათობას გამოიწვევს, თანაც მცირე ხნის განმავლობაში და მალე გაუვლის. ძნელი არ არის იმის მიხვედრა, თუ რატომ არის ჩაჭიდებული თეირანი საჭეს და გვერდზე გადახვევას არ ფიქრობს.

 

მაგრამ არის უფრო სერიოზული მიზეზიც, თუ რატომ არის ძნელი აშშ-სათვის ირანის დამარცხება და რომელიც დაკავშირებულია არა მარტო უშუალოდ დონალდ ტრამპთან და მის დაუფიქრებელ ომთან, არამედ სხვა ფაქტორთანაც.

მას შემდეგ, რაც ირანის ხელისუფლებაში ისლამური რეჟიმი გაბატონდა, ამერიკაში მის მიმართ ორმაგი დამოკიდებულება ჩამოყალიბდა.

 

ერთი მხრივ, აშშ-ს დაუგროვდა გარკვეული პრობლემები, რომლის გადაწყვეტა თითქმის ყველა ადმინისტრაციას სურდა - მძევლების დაბრუნებიდან დაწყებული (იგულისხმება აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები, რომელიც ირანელებმა თეირანში მძევლად აიყვანეს) და ბირთვული პოტენციალის შეზღუდვით დასრულებული. მეორე მხრივ, თეთრი სახლის ადმინისტრაციები უპირატესობას უმეტესად რეჟიმის დამხობას ანიჭებდნენ და არა მასთან მოლაპარაკებას. ეს ორი მიდგომა წინასწარ გამორიცხავს ერთმანეთს და ამ წინააღმდეგობრიობით აშშ-ის პოლიტიკა თითქმის უკვე ნახევარი საუკუნის განმავლობაშია განმსჭვალული. რა სურს ვაშინგტონს ბოლოს და ბოლოს, ჯერ-ჯერობით გაურკვეველია - ირანის მხოლოდ პოლიტიკური კურსის შეცვლა თუ მთლიანად თვითონ ქვეყნის გარდაქმნა?

 

თუ ვაშინგტონი თეირანთან მოლაპარაკებას სერიოზულად დაიწყებს [მართალია, ისლამაბადში, პაკისტანის შუამავლობით, კონტაქტები იყო, მაგრამ სრულიად უშედეგოდ], გარდაუვლად ჩნდება ორივე მხარის დათმობების აუცილებლობა, რაც, ბუნებრივია, მტრობის გარკვეულ შესუსტებას გამოიწვევს. მაგრამ უპირველესად მოხდება ის, რომ აშშ-სთან ურთიერთობა ისლამურ რესპუბლიკას ლეგიტიმურობის გარკვეულ დონეს შესძენს. მოლაპარაკებით გამოდის, რომ ირანი აშშ-სთვის სერიოზულ პარტნიორს წარმოადგენს და, ფაქტიურად, ვაშინგტონი ხელს უწყობს თეირანის მსოფლიო არენაზე წარმოჩენას. აი, სწორედ ეს აღიარება აშფოთებს ამერიკული ელიტის იმ ნაწილს, რომელიც თვლის, რომ ისლამური რესპუბლიკა არალეგიტიმურია და პრინციპში, არც უნდა არსებობდეს და შესაბამისად, ვაშინგტონისათვის ერთადერთი სწორი პოლიტიკა არის კურსი მისი დამხობისკენ. მაგრამ არის ისეთი მიზნებიც, რომლებიც ვაშინგტონმა დაისახა  და მათი მიღწევა სურს, მაგრამ ეს მხოლოდ თეირანთან თანამშრომლობით არის შესაძლებელი. აი, რატომ აწარმოებდა საიდუმლო მოლაპარაკებებს აიათოლებთან თვით პრეზიდენტი რონალდ რეიგანიც კი, თუმცა იგი მათ საჯაროდ  გმობდა.

 

ჩვენ თითქმის ყოველდღიურად ვხედავთ ამ წინააღმდეგობრიობას დონალდ ტრამპის მიერ გატარებულ პოლიტიკაში. თვითონ განსაჯეთ: მის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ერთ შეტყობინებაში პრეზიდენტი ირანის ცივილიზაციას განადგურებით ემუქრება, მომდევნოში კი - თანაც იმავე დღეს - თითქოსდა არაფერი მომხდარაო, თეირანთან მოლაპარაკების წარმატებაზე მსჯელობს. ანუ დონალდ ტრამპი ორმაგი დიპლომატიით არის დაკავებული: ერთი შეხედვით, გარიგების დადების განწყობა აქვს და პერსპექტივას ოპტიმისტურად აფასებს, მაგრამ ისლამაბადის შეხვედრებს შორის შუალედში ირანელებს თავიანთი მთავრობის დამხობისაკენ მოუწოდებს. შემდეგ გადის ერთ კვირაზე ნაკლები დრო და ირანელებს პირდება: „თუ თქვენ ჩემს მოთხოვნებს დაეთანხმებით, წინ ნათელი მომავალი გელოდებათო".

ამერიკას თავის დროზე ასეთი წინააღმდეგობრივი ურთიერთობა ჰქონდა საბჭოთა კავშირთანაც: მას შემდეგ, რაც 1917 წლის ოქტომბერში რუსეთის იმპერიაში ძალაუფლება ხელში ბოლშევიკებმა (კომუნისტებმა) ჩაიგდეს, აშშ-მა მათთან ურთიერთობა გაწყვიტა და დამხობასაც ცდილობდა (მართალია, სუსტი ძალისხმევით, მაგრამ მაინც). მოგვიანებით, 16 წლის შემდეგ, პრეზიდენტმა ფრანკლინ დელანო რუზველტმა საბჭოთა კავშირი აღიარა, კრემლმა და თეთრმა სახლმა ერთმანეთთან ელჩები გაცვალეს, მეორე მსოფლიო ომის დროს კი მოსკოვისა და ვაშინგტონის თანამშრომლობა განმტკიცდა და გაღრმავდა. თუმცა, მათ შორის დაძაბულობა კვლავ გამწვავდა მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. 1970-იან წლებში სახელმწიფო მდივანს ჰენრი კისინჯერს მემარჯვენეები საბჭოთა კავშირთან მოლაპარაკების სურვილის გამო ლანძღავდნენ და თვლიდნენ, რომ თუ თეთრი სახლი კრემლს დაელაპარაკება, ამით აშშ ხელს შეუწყობს „ბოროტების იმპერიის" (ანუ საბჭოთა კავშირის) პოზიციების განმტკიცებას. თავის მხრივ, ჰენრი კისინჯერი კრიტიკოსებს პასუხობდა, რომ ამერიკა იყო და რჩება სსრ კავშირის იდეოლოგიურ მოწინააღმდეგედ, მაგრამ იმავდროულად აშშ-ს აქვს გარკვეული ეროვნული ინტერესები - მაგალითად, ბირთვული იარაღის გაკონტროლება - რომლის განხორციელება, თუ მოსკოვს არ შეუთანხმდები, უბრალოდ, შეუძლებელია.

 

ირანთან დაკავშირებულ დისკუსიებში პრეზიდენტი ბარაკ ობამა კისინჯერისეულ ხაზს იცავდა. გადაჭარბებულოი არ იქნება ვთქვათ, რომ აშშ-ის ადმინისტრაციებს შორის ბარაკ ობამას ადმინისტრაცია ერთადერთი იყო, რომელმაც მკაფიო არჩევანი გააკეთა. მისი აღიარებით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-სათვის უკეთესი იქნებოდა ირანში სხვა რეჟიმი არსებულიყო, ვაშინგტონის მიზანი არის თავიდან აიცილოს უდიდესი საფრთხე მისი ეროვნული ინტერესებისათვის - ბირთვულ იარაღთან დაკავშირებული საფრთხე - ისევე როგორც ოდესღაც საბჭოთა კავშირთან მიმართებით არსებობდა.

 

2015 წელს ირანთან ბირთვული შეთანხმების დადება ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ იყო იმის მცდელობა, რომ გაუვნებელიყო ირანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ელემენტი. და მან ამაში წარმატებას მიაღწია. მაგრამ ბევრი მემარჯვენე თვლიდა, რომ პრეზიდენტს ასეთი წარმატება ირანის რეჟიმისათვის ლეგიტიმურობის გარკვეული დონის მინიჭებად დაუჯდა. 2018 წელს დონალდ ტრამპმა აშშ ამ შეთანხმებიდან გამოიყვანა, რითაც ირანის იმდროინდელი პრეზიდენტის ჰასან რუჰანის დისკრედიტაცია მოახდინა და თეირანში ირანელი „ქორების" ბანაკი განამტკიცა, რომლებმაც, თავის მხრივ, ბირთვული პროგრამა - ურანის გამდიდრება - გააგრძელეს.

 

საბოლოო ჯამში დონალდ ტრამპი იმავე დილემასთან დაბრუნდა - დადოს თუ არა აშშ-მა „გარიგება" ირანთან თუ პრინციპზე წავიდეს და უარი თქვას შეთანხმებაზე?

 

დღეს ისეთი შეგრძნებაა, რომ დონალდ ტრამპი „გარიგების" დადებისაკენ იხრება. მაგრამ მისი დადების შემთხვევაში ტრამპი რისკავს მისცეს ისლამურ რესპუბლიკას ის, რისკენაც თეირანი 47 წლის განმავლობაში ისწრაფვოდა: თეოკრატიული რეჟიმის ლეგიტიმურობის უსიტყვო აღიარება ყველაზე შეურიგებელი ამერიკელი მოწინააღმდეგეების მხრიდანაც კი.

 

რა თქმა უნდა, აიათოლებისთვის ეს იქნება ფასდაუდებელი ტროფეი (ნადავლი), რომელთან შედარებით ბევრი სხვა დათმობა გაფერმკრთალდებოდა.

 

წყარო:

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ