"სი ძინპინის "გამაფრთხილებელი დარტყმა" დონალდ ტრამპზე ჩინელი ლიდერის თავდაჯერებულობისა და თითქმის ქედმაღლობის გამოხატულებაა"-The Daily Telegraph 16.05.2026 14:28

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ჩინეთში ვიზიტს ეხმაურება და 15 მაისის ნომერში აქვყნებს სტატიას სათაურით „სი ძინპინის „გამაფრთხილებელი დარტყმა“ დონალდ ტრამპზე ჩინელი ლიდერის თავდაჯერებულობისა და თითქმის ქედმაღლობის გამოხატულებაა“ (ავტორი - დევიდ ბლერი). „პეკინში სი ძინპინის პირველივე სიტყვები ამერიკელი სტუმრისათვის მკაცრ გაფრთხილებად გაისმა“, - ნათქვამია მასალაში.

 

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:


სი ძინპინის მისალმება ჩინეთის სახალხო კრების შენობის დიდ დარბაზში, ხუთშაბათს, დონალდ ტრამპისადმი, საკმაოდ თავაზიანი იყო. თავის მხრივ, დონალდ ტრამპმაც არ დაიშურა ქების სიტყვები მასპინძლის მიმართ და უფრო გულუხვი იყო, ვიდრე 2017 წელს, პირველი ვიზიტის დროს.

 

მაგრამ მოდით, თავს ნუ მოვიტყუებთ: როცა აშშ-სა და ჩინეთის ლიდერები ერთმანეთს მაგიდასთან ხვდებიან, ეს არის გლობალური ძალოვანი პოლიტიკის ისეთი მწვერვალი, როცა ყოველი მათგანი ცდილობს ისეთ მანევრირებას, რომ შეხვედრისგან რაც შეიძლება მეტი მოგება მიიღოს.

 

სი ძინპინის საოცრად პროვოკაციული გამოსვლა იმის დემონსტრაცია იყო, თუ რამდენად - სამართლიანად ან უსაფუძვლოდ - სჯერა მას, რომ ჩინეთი ამერიკას სჯობნის. „დღეს ასწლეულების განმავლობაში უხილავი ცვლილებები სააშკარაოზე გამოდიან და დაჩქარებულად ვითარდებიან“, - თქვა ჩინეთის ლიდერმა. ეს გამონათქვამი შეიძლებოდა რბილად და მშვიდად ყოფილიყო აღქმული, ერთი მომენტი რომ არ იყოს: გავიხსენოთ, რომ პირველად მსგავსი ფრაზა სი ძინპინმა მოსკოვში, თავის მეგობართან ვლადიმერ პუტინთან სტუმრობის დროს, 2023 წელს წარმოსთქვა - „ჩვენი ქვეყნები ასწლეულების განმავლობაში მიმდინარე ცვლილებებს ერთად ახორციელებენო“.

 

სი ძინპინს მხედველობაში ჰქონდა, რომ ამერიკა დაცემას განიცდის, ხოლო ჩინეთი და ვაშინგტონის ჰეგემონიის სხვა მოწინააღმდეგეები ძლიერდებიან.

 

ის, რომ მან მოსკოვში პუტინთან გაჟღერებული ფრაზა ახლა დონალდ ტრამპთანნ პეკინში გაიმეორა, მოკლედ გაშიფრული სახით ნიშნავს შემდეგს: „მე ვძლიერდები და ვმაღლდები, თქვენ კი ეცემით“. ეს არის მისი დამაჯერებლობის ნიშანი, თითქმის ქედმაღლობა.

 

სი ახლა უფრო შორს წავიდა, მან მოსკოვურ ფრაზას დაამატა სიტყვა „დაჩქარებული“. მან ამით თქვა: „დონალდ ტრამპ, თქვენი ხელმძღვანელობით ჩქარდება როგორც აშშ-ის დაცემა, ასევე ჩინეთის აღმასვლა“.

 

შემდეგ სი ძინპინმა განაცხადა, რომ „მსოფლიო ახალ გზაგასაყარზე აღმოჩნდა“ და რიტორიკული კითხვა დასვა: „შეუძლიათ თუ არა ჩინეთს და შეერთებულ შტატებს გადალახონ ე.წ. „ფუკიდიდეს ხაფანგი“ და ახალი პარადიგმა შექმნან ორი უდიდესი ქვეყნის ურთერთობებში?“.

 

„თუკიდიდეს ხაფანგი“ - ეს ფრაზა პირველად გამოიყენა ჰარვარდელმა ისტორიკოსმა გრემ ელისონმა იმის აღსანიშნავად, რომ გაბატონებული ჰეგემონები საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთს ებრძოდნენ იმისთვისაც, რომ სხვა მზარდი ქვეყნებისთვის თავიანთი უპირატესობა ეჩვენებინათ. ბერძენმა ისტორიკოსმა ფუკიდიდემ აღწერა, თუ როგორ გამოიწვია ათენის აღზევებამ და სპარტას შიშმა პელოპონესის ომების პროვოცირება ჩვენს ერამდე მეხუთე საუკუნეში.

 

სი ძინპინის აზრით, „ფუკიდიდეს ხაფანგისგან“ თავის არიდება იმას არ ნიშნავს, რომ ჩინეთის აღზევებას წინააღმდეგობა გაუწიოთ და მისი ამბიციები აღკვეთოთ. თუ თქვენ გაბედავთ და ასე გააკეთებთ, კონფლიქტის დაწყებას გამოიწვევთ. „ხაფანგისგან“ თავის არიდების ყველაზე საუკეთესო წესი, ჩინელი ლიდერის თვალსაზრისით, გამოიხატება „იმ ცვლილებების აღიარებაში, რომლებიც ასწლეულების განმავლობაში უხილავად მიმდინარეობდა“.

 

უხეშად რომ ვთქვათ, სი ძინპინმა დონალდ ტრამპს ასე უთხრა: „თქვენ უნდა შეურიგდეთ ჩინეთის აღმასვლას და ამერიკის დაცემას - თუ გჯერათ, რომ ეს თქვენთვის კარგია“.

 

როგორც კი კამერები გამორთეს, ჟურნალისტები დარბაზიდან გავიდნენ და ორსაათიანი შეხვედრა დაიწყო, სი ძინპინის ლაპარაკი უფრო პირდაპირი და მკაფიო გახდა: „თუ ყველაფერი კარგად წავა, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები მთლიანობაში სტაბილური იქნება“, - უთქვამს ჩინეთის ლიდერს ამერიკელი კოლეგისათვის, ჩინური საინფორმაციო სააგენტოს თანახმად. „თუ [ტაივანის საკითხი] სათანადოდ არ მოგვარდება, შეიძლება ჩვენი ქვეყნების ერთმანეთთან შეტაკება მოხდეს და კონფლიქტიც დაიწყოს, რაც ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობას ძალზე სახიფათო სიტუაციაში ჩააყენებს“.

 

ანუ, ტაივანის საკითხის წინ წამოწევით და კონფლიქტის შესაძლებლობის დაშვებით, სი ძინპინმა სტუმარი ხისტად გააფრთხილა.

 

 საკითხავი ისაა, აცნობიერებს თუ არა დონალდ ტრამპი სრულყოფილად იმას, რასაც სი ძინპინი ეუბნება? ეს კითხვა ღიად რცება. კამერების წინ ამერიკელმა სტუმარმა ჩინელ მასპინძელს ქება-დიდება უძღვნა - თქვა, რომ მისთვის „დიდი პატივია ესოდენ ფანტასტიკური მიღება დიდი ლიდერის“ მიერ და რომ ეს ყველაფერი ორივე ქვეყანას „ფანტასტიკურ მომავალს“ უმზადებს.

 

მაგრამ სი ძინპინის ფილოსოფიური ფრაზები და შენიღბული მუქარები მიმართულია იმისკენ, რომ ამერიკას უბიძგოს ტაივანისადმი დამოკიდებულების გადახედვისათვის. დონალდ ტრამპს რომ თავისი ქვეყნის ტრადიციული პოლიტიკის ცვლილება განეხორციელებიონა ტაივანთან მიმართებით, მაშინ სი ძინპინი უფრო კეთილი იქნებოდა სტუმრის მიმართ. მაგალითად, ტრამპს რომ მკაფიოდ ეთქვა - „ამერიკა ტაივანის დამოუკიდებლობის წინააღმდეგია“ - იმ სტანდარტული რბილი ფორმულის ნაცვლად, რომ „ამერიკა მხარს არ უჭერს ტაივანის მიზანს“, ეს იმის მინიშნება იქნებოდა, რომ ვაშინგტონი პეკინის მხარეს იხრება. მოკლედ, დონალდ ტრამპი იმას მაინც უნდა მიხვდეს, რომ უკიდურეს შემთხვევაში, მან ტაივანს დაპირებული 14 მილიარდი დოლარის იარაღი არ უნდა მისცეს.

 

აშშ-ის პრეზიდენტი, თავის მხრივ, ისწრაფვის იმისკენ, რომ ჩინეთმა აშშ-სთან ვაჭრობაში  200-მილიარდიანი დადებითი სალდო შეამციროს და რომ ჩინეთში მეტი ამერიკული პროდუქცია შევიდეს - კერძოდ, „ბოინგები“, საქონლის ხორცი და პარკოსანი კულტურები.

 

ამ ძალისხმევამ, რომელიც დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების მატებაშიც გამოიხატება, სავაჭრო დეფიციტის შემცირებაში გარკვეული წარმატებული როლი შეასრულა: ჩინეთის დადებითი სალდო აშშ-სთან ვაჭრობაში თითქმის ორჯერ შემცირდა: 2018 წელს 400 მილიარდი იყო, ახლა 200 მილიარდია. 

 

მაგრამ ის ფაქტი, რომ ტრამპი მასპინძელს არწმუნებს, რომ მეტი ამერიკული პროდუქცია შეიძინოს, ირიბად მოწმობს იმას, რომ სი ძინპინი არ ცვლის თავის მტაცებლურ სავაჭრო მოდელს, რომელიც მიმართულია მრეწველობის კონკურირებადი დარგის განადგურებისაკენ მთელ მსოფლიოში, ჩინური ექსპორტის მაქსიმიზაციის გზით, მათ შორის სახელმწიფო სუბსიდიებით დახმარების მეშვეობით.

 

და ამიტომ სი ძინპინი სიგნალებს გზავნის არამარტო კოდირებული ფრაზებით, არამედ იმ დიდი შენობებით და კოლონებით, სადაც სამიტი მიმდინარეობს. მე პირადად 2023 წელს სახალხო კრების შენობის დიდი დარბაზი ბრიტანეთის მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიმს კლევერლისთან ერთად ვნახე: ჯერ მიგვიყვანეს დიდ მისაღებში, შემდეგ უზარმაზარ დარბაზში, შემდეგ კიდევ უფრო დიდში და ასე შემდეგ - ყოველი მომდევნო დარბაზი წინაზე დიდი იყო... სანამ ჩვენ ჩინეთის ვიცე-თავმჯდომარეს ველოდებოდით, ჩვენს გიდს კედელზე გამოსახული გიგანტური პანოს  შესახებ ვკითხე - რას ნიშნავს მაღალ მთებს შორის მოქცეული ტბა-მეთქი. ჩინელმა ჩინოვნიკმა ამიხსნა, რომ ეს ტაივანის პეიზაჟია. იქვე ახლოს ჩინელი მხედრის მრისხანე ქანდაკება იდგა ჯაჭვის პერანგში. ისევ ვკითხე, ვის განასახიერებს-მეთქი. მან მიპასუხა, რომ ეს არის ჩინელი ადმირალი, რომელმაც მე-17 საუკუნეში ტაივანი ჰოლანდიელებს წაართვა და სამშობლოს - ჩინეთს - დაუბრუნა.

 

დონალდ ტრამპს, ალბათ, იიგივე დარბაზი აჩვენეს, იმავე პანოს და ადმირალის ჩათვლით. მიხვდა აშშ-ის პრეზიდენტი რაიმეს?

 

 

წყარო

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ