"სი ძინპინი დონალდ ტრამპს ეჭვის საფუძველს არ უტოვებს: ტაივანის საკითხს ჩინეთისათვის პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს"-The New York Times 16.05.2026 17:02

 „სი ძინპინი დონალდ ტრამპს ეჭვის საფუძველს არ უტოვებს: ტაივანის საკითხს ჩინეთისათვის პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს“ - ასეთი სათაური აქვს აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) 15 მაისის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას (ავტორი - ქრის ბაკლი), რომელიც ჩინეთში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიზიტის პირველი დღის მოვლენებს ეხება. „სი ძინპინმა სტუმარს მიანიშნა, რომ თუ ტრამპი ტაივანის მიმართ ჩინეთის მოთხოვნებს უარყოფს, პეკინ-ვაშინგტონის კონტაქტები უკიდურესად სახიფათო შეიძლება გახდეს“, - ხაზგასმულია მასალაში.

 

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

 

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პეკინში ვაჭრობასა და ინვესტიციებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად ჩავიდა. მასპინძელმა, კოლეგამ - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ - სი ძინპინმა სწრაფად აჩვენა, რომ იგი ნებას არ მისცემს სტუმარს უკანა პლანზე გადასწიოს ჩინეთის პრიორიტეტები, უპირველესად კი ტაივანის საკითხი.

ორდღიანი სამიტის დასაწყისში, ხუთშაბათს დილით, სი ძინპინმა მაღალფარდოვნად გამოაცხადა აშშ-სთან თანამშრომლობისადმი სწრაფვა, მაგრამ როგორც კი ჟურნალისტები დარბაზიდან ჟურნალისტები გაიყვანეს და სტუმარ-მასპინძელს შორის ნამდვილი დისკუსია დაიწყო, თავმჯდომარე სი ძინპინმა გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა ტაივანის შესახებ - დემოკრატიული კუნძულის მიმართ, რომელსაც პეკინი თავის ტერიტორიად თვლის.

 

მკვეთრი რიტორიკითა და სწორედ ვიზიტის დღეებში კუნძულთან მიმდინარე სამხედრო წრთვნების მეშვეობით ჩინეთმა მკაფიოდ მიანიშნა, რომ ერთ მშვენიერ დღეს მას შეუძლია ძალა გამოიყენოს და კუნძული ხელში ჩაიგდოს. ტაივანს, კონტინენტური ჩინეთის მუქარების შესაკავებლად, აშშ-ის პოლიტიკური და სამხედრო დახმარების იმედი აქვს და მისტერ დონალდ ტრამპი ახლა აწონილ-დაწონილად ფიქრობს, ღირს თუ არა დაეთანხმოს ტაივანისათვის 14 მილიარდი დოლარის იარაღის მიყიდვას (გასულ წელს კუნძულმა იარაღის 11 მილიარდი დოლარის იარაღი შეიძინა).

 

ხუთშაბათს თავმჯდომარე სი ძინპინმა რამდენიმე სიტყვით მიანიშნა ამერიკელ კოლეგას, რომ ტაივანისადმი მხარდაჭერა, იარაღის მიწოდების ჩათვლით, შეიძლება ორი დიდი ქვეყნის ურთიერთობებში ტკივილის გამომწვევ საკითხად დარჩეს.

 

„ტაივანის საკითხი ჩვენს ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვნად ითვლება“, - უთქვამს სი ძინპინს დონალდ ტრამპთან საუბრისას, ოფიციალური რეზიუმეს თანახმად, რომელიც სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სინჰუამ“ გამოაქვეყნა, - „თუ ჩინეთის ინტერესები ტაივანის მიმართ აშშ-ის მიერ ყურადღებით იქნება გათვალისწინებული, მაშინ პეკინ-ვაშინგტონის ურთიერთობები სტაბილური იქნება. მაგრამ თუ ამერიკა არასწორად მიუდგება ტაივანის საკითხს, მაშინ ორი ქვეყანა - ჩინეთი და აშშ - ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და შეიძლება კონფლიქტიც კი მოხდეს, რაც ამერიკულ-ჩინურ ურთიერთობას უკიდურესად სახიფათო სიტუაციაში ჩააყენებს“, -

სი ძინპინის გამოსვლის მოკლე ვერსიაში, რომელიც თეთრმა სახლმა ოფიციალურად გაავრცელა, არაფერი არ არის ნათქვამი, განიხილეს თუ არა თავმჯდომარემ და პრეზიდენტმა (ან სხვა ოფიციალურმა პირებმა) ტაივანისათვის ამერიკული სამხედრო ტექნიკის მიყიდვის საკითხი. ტექსტში ტაივანი საერთოდ არ არის მოხსენიებული.

 

მაგრამ სი ძინპინის პირდაპირი, მკვეთრი და ნათლად გამოხატული განცხადება სამიტის დასაწყისშივე, რომელიც ჩინურმა სააგენტომ გაავრცელა, ყველაზე მკვეთრი და კატეგორიული განცხადება აღმოჩნდა, რომლის მიზანს აშშ-ის ტაივანისადმი მხარდაჭერის შესუსტება წარმოადგენს.

 

„სი ძინპინის გაფრთხილება აშშ-ის ტაივანთან დამოკიდებულების თაობაზე აშკარად მიუთითებს იმას, რომ ვაჭრობის ნორმალური მდგომარეობა პირდაპირ არის დამოკიდებული ვაშინგტონის ფრთხილ მიდგომაზე კუნძულის მიმართ“, - ამბობს კრეიგ სინგლტონი, ვაშინგტონში მოქმედი ანალიტიკური ცენტრის - დემოკრატიის დაცვის ფონდის ჩინური პროგრამის დირექტორი. მისი თქმით, სი ძინპინის შენიშვნები სრულიად შეესაბამება ჩინეთის ტრადიციულ პოზიციას, მაგრამ ამ შემთხვევაში სიტუაციასაც დიდი მნიშვნელობა აქვს - ჩინელმა ლიდერმა ტაივანის საკითხი სამიტის ცენტრში დააყენა, რომელიც დონალდ ტრამპს პირადი დიპლომატიისა და გარიგებების წყაროდ მიაჩნია“.

 

სი ძინპინს იმედი აქვს, რომ სხვა თუ არაფერი, აშშ-ის პრეზიდენტი დააყოვნებს მაინც ტაივანისადმი მიმდინარე წელს 14 მილიარდი დოლარის იარაღის მიყიდვას. როგორც ცნობილია, გასულ კვირას კუნძულის საკანონმდებლო ორგანოს დადგენილებით, 25 მილიარდი დოლარი გამოიყო ორი წლის განმავლობაში აშშ-დან შეიარაღების (რაკეტები და ა.შ.) იმპორტისათვის. თავის მხრივ, აშშ-ის კონგრესმა დონალდ ტრამპს გარიგების დადებისაკენ მოუწოდა, მაგრამ თეთრი სახლის ადმინისტრაციამ თავი შეიკავა იარაღის მიყიდვაზე დათანხმებულიყო, რათა სამიტის დაწყების წინ სი ძინპინისთვის არ ეწყენინებინა.

 

1979 წელს ვაშინგტონმა ჩინური სახელმწიფოს დიპლომატიური აღიარება ტაიბეიდან პეკინზე გადაიტანა, თუმცა კუნძულისადმი სამხედრო დახმარება არ შეუწყვეტია. კომუნისტურ ჩინეთთან ურთიერთობის ნორმალიზების კვალობაზე, აშშ-ის კონგრესი ტაივანზეც ზრუნავდა:   მიღებული იქნა კანონი, რომელიც ვაშინგტონს ავალდებულებდა ტაივანისათვის საკმარისი რაოდენობის იარაღი მიეწოდებინა თავდაცვისა და წინააღმდეგობის გაწევის მიზნით. კანონში ხაზი გაესვა დებულებას, რომ ამ იარაღის რაოდენობა დამოკიდებული იქნება აშშ-ის შეფასებაზე - არის თუ არა ტაივანის მოთხოვნილება განპირობებული ობიექტური სიტუაციით.

 

ტაივანი ამერიკული იარაღის იმპორტს აუცილებლად თვლის კომუნისტური ჩინეთის სავარაუდო შეჭრის საწინააღმდეგოდ. 1979 წლიდან კუნძულმა ათეულობით მილიარდი დოლარის ამერიკული იარაღი მიიღო - უახლესი ავიაგამანადგურებლების, რაკეტების, სამხედრო ხომალდების, ტანკების, ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებისა და საარტილერიო დანადგარების სახით. რა თქმა უნდა, არსენალი ძველდება და მას განახლება ჭირდება.

 

სი ძინპინის გამაფრთხილებელი განცხადების შემდეგ ტაივანის ხელისუფლებამ სწრაფი რეაგირება მოახდინა - მისთვის კომუნისტური ჩინეთი მუდმივად დაძაბულობისა და საფრთხის წყაროდ ითვლება, ხოლო სრუტე, რომელიც კუნძულს კონტინენტისაგან ჰყოფს (ტაივანის სრუტე) ჩინეთის არმიის წრთვნების არეალად არის გადაქცეული. კერძო საუბრებში ტაივანელმა პოლიტიკოსებმა იმედი გამოხატეს, რომ პეკინის გაფრთხილების მიუხედავად, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია იზრუნებს იმაზე, რომ იარაღის მიწოდებას აღარ გადადებს და კუნძულს აშშ ძველებურად მფარველობას გაუწევს.

 

„ჩინეთის სამხედრო მუქარები სტაბილურობისადმი საფრთხის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს როგორც ტაივანის სრუტეში, ასევე საერთოდ, რეგიონში“, - ხაზგასმით აღნიშნა ხუთშაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე მიშელ ლიმ, ტაივანის მთავრობის პრეს-მდივანმა, სი ძინპინის გაფრთხილებასთან დაკავშირებით, - ტაივანს აშშ-სთან მჭიდრო ურთიერთობა არც პეკინში ვიზიტის მომზადების დროს არ შეუსუსტებია და არც ახლა არ შეასუსტებს. ჩვენ უღრმეს მადლობას ვუხდით ამერიკის შეერთებულ შტატებს იმ მრავალწლიანი მხარდაჭერისათვის, რასაც ვაშინგტონი უწევს ჩვენს ქვეყანას“.

 

 

წყარო:

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ