29.06.2026 19:10
„ყირიმი დიდი ხნის განმავლობაში - 2014 წლიდან - ვლადიმერ პუტინის გვირგვინში მარგალიტად ითვლებოდა. ყირიმი ყველაზე შესამჩნევ სიმბოლოს წარმოადგენდა რუსეთის პრეზიდენტის სწრაფვაში - აღადგინა ქვეყნის ძლიერება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ“, - ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით: „ყირიმის გარეშე რუსეთი უკრაინასთან ომს წააგებს: ნახევარკუნძულზე შექმნილი მდგომარეობა რუსეთის სერიოზულ წარუმატებლობას ნიშნავს“ (ავტორი - ჰემიშ ბრეტონ-გორდონი). პუბლიკაციაში გაანალიზებულია ყირიმში შექმნილი მძიმე სამხედრო-პოლიტიკური ვითარება.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
1980-იანი წლების ბოლოს და 1990-იანი წლების დასაწყისში, როცა სსრ კავშირი სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით, დასუსტდა, გავლენის სფეროები დაკარგა და დასავლეთს დაუახლოვდა, ამ ფაქტმა საბჭოთა „კაგებეს“ ყოფილ მაღალჩინოსანში მკვეთრი უკმაყოფილება გამოიწვია.
ვლადიმერ პუტინმა დაიწყო მცდელობა იმისა, რომ რუსეთის დასუსტება შეწყვეტილიყო და პროცესი უკან შეებრუნებინა, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ მისი მოქმედება არასტაბილურია. დღეს პრეზიდენტის მდგომარეობა ძალიან მოწყვლადად გამოიყურება, ვიდრე ოდესმე იყო უკრაინაში შეჭრის მომენტიდან. ამ სიმპტომების იგნორირება უკვე შეუძლებელი ხდება.
უკრაინის სამხედრო წარმატებები რუსეთის მიმართ განსაკუთრებით ჰაერიდან დარტყმებით არის შესამჩნევი - უკრაინული დრონები და რაკეტები თითქმის ყოველდღიურად ბომბავენ მოსკოვს, სანქტ-პეტერბურგს და რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში განლაგებულ სამხედრო-სამრეწველო ობიექტებს. ბოლო დროს განსაკუთრებით გამწვავდა ყირიმის ნახევარკუნძულის მდგომარეობა, რომელიც შავიზღვისპირეთის აყვავებული საკურორტო რეგიონი იყო: თუ ადრე ყირიმში ბევრი ტურისტი ჩადიოდა და ადგილობრივი მოსახლეობა ეკონომიკურ სარგებელს იღებდა, დღეს სასტუმროები ცარიელია, იქ უკვე არავინ აღარ ჩადის, ადგილობრივ მოსახლეობას კი გამოქცევა სურს. შეიძლება ითქვას: ის, რაც ადრე რუსეთისათვის სტრატეგიული პრიზი იყო, დღეს კრემლისათვის მძიმე ტვირთს წარმოადგენს.
ყირიმში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული - სახეზეა სატრანსპორტო კოლაფსი, საწვავის მწვავე დეფიციტმა ყველა სფეროზე ნეგატიური გავლენა მოახდინა. ამას ემატება ელექტროენერგიის მწვავე უკმარისობაც. რაც ვლადიმერ პუტინისათვის სერიოზულ სამხედრო-პოლიტიკურ წარუმატებლობას ნიშნავს. რუსეთის ხელისუფლებამ პირველად აღიარა საჯაროდ, რომ ნახევარკუნძულზე სერიოზული სიტუაციაა შექმნილი.
ყირიმის ეკონომიკური სირთულეები ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებას აღრმავებს. ის, რაც ადრე წარმოუდგენლად ჩანდა, დღეს რეალობაა. სევასტოპოლი, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მთავარი და ისტორიული ბაზა, უკრაინული დრონების რეგულარული შეტევების გამო, ამჟამად ცარიელია, თვითონ ფლოტი კი დასუსტებულია და ძველი ძლიერების აჩრდილს წარმოადგენს. ყირიმიდან გამოსასვლელ გზებში დიდი რიგებია, ბევრი ადამიანი ნახევარკუნძულს საიმედო თავშესაფრად აღარ თვლის.
ყირიმის მძიმე მდგომარეობა მიუთითებს, რომ ვლადიმერ პუტინის ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ჩაიფუშა. როცა რუსეთმა 2014 წელს ყირიმის ანექსია განახორციელა, დასავლელმა მთავრობებმა თავშეკავებული პროტესტი გამოხატეს. იმ დროსაც კი ევროპული სახელმწიფოები სამხედრო ბიუჯეტების შემცირებას აგრძელებდნენ და ცივი ომის დასრულების შედეგად დამდგარი ტკბილი ცხოვრებით ნებივრობდნენ.
ვლადიმერ პუტინი მივიდა დასკვნამდე, რომ დასავლეთს არ ყოფნიდა არც ნება და არც იმის შესაძლებლობები ჰქონდა, რომ მისი ამბიციებისათვის პასუხი გაეცა და წინ აღდგომოდა. კრემლის ამგვარი - დასავლეთის უუნარობის შესახებ - აღქმა გაძლიერდა რიგი მოვლენების გამო, მაგალითად, იმით, თუ რაც მოხდა სირიაში - რუსეთმა მოახერხა ბაშარ ასადის რეჟიმის შენარჩუნება. 2022 წლის თებერვლის ბოლოს, როცა რუსეთის ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ, ვლადიმერ პუტინს იმედი ჰქონდა, რომ დასავლეთი კვლავ თავშეკავებულად იმოქმედებდა და პასუხი რადიკალური არ იქნებოდა. კრემლი მწარედ მოტყუვდა: უკრაინამ თავგანწირული წინააღმდეგობა გაუწია, დასავლეთმა კი კიევს დახმარების ხელი გაუწოდა. ომის მსვლელობა ძირ-ფესვიანად შეიცვალა.
სამხედრო თვალსაზრისით, ყირიმს, როგორც ლოჯისტიკურ ცენტრს, კვლავ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რუსეთის ჯარებისათვის, რომლებიც უკრაინის სამხრეთში მოქმედებენ. იმდენად, რამდენადაც უკრაინის ავიადარტყმებმა დონბასში სარკინიგზო მიმოსვლა დაარღვია, ყირიმმა და ქერჩის ხიდმა დნეპრის მარცხენა ნაპირზე მყოფი რუსეთის ჯარების მომარაგებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინეს და თუ უკრაინა გააგრძელებს მოსკოვისათვის ხელის შეშლას ყირიმით სარგებლობაში, მაშინ რუსული სამხედრო ოპერაციისათვის შედეგები ძალიან სერიოზული იქნება.
ამრიგად, ვლადიმერ პუტინისათვის სტრატეგიული სურათი უარესდება. როგორც ჩანს, რუსეთის პრეზიდენტს და უმაღლეს მთავარსადალს არ შეუძლია ნორმალურად დაიცვას არც მოსკოვის და არც ყირიმი - ორი ადგილი, რომლებსაც უდიდესი პოლიტიკური და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. დასავლეთის სადაზვერვო სტრუქტურები ვარაუდობენ, რომ რუსეთის მდგომარეობა შეიძლება დღეს იმაზე უფრო მყიფეა, ვიდრე „ვაგნერის“ ამბოხების დრო იყო. ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, მოჰყვება თუ არა ასეთ სიტუაციას პოლიტიკური ცვლილებები, მაგრამ უეჭველია, შექმნილი მდგომარეობა კრემლზე გარკვეულ გავლენას მოახდენს, ძვირად ღირებული ომის შეწყვეტის მიზნით.
არ არის გამორიცხული, რომ უკრაინისა და მისი ევროპელი მოკავშირეებისათვის ყირიმის მდგომარეობა შეიძლება იშვიათ სტრატეგიულ შესაძლებლობას წარმოადგენს სიტუაციის შესაცვლელად. უკრაინამ აჩვენა, რომ წარმატებით იყენებს ნოვაციებს მტერთან ბრძოლაში. კიევი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ერთგვარ კომპენსაციას ახდენს რუსეთის არმიის რიცხობრივი უპირატესობის მიმართ. დასავლელი სამხედროებისათვის უკრაინელების გაკვეთილი ნათელია: კიევი არამარტო თავს იცავს, არამედ სიმტკიცის მაგალითებს აძლევს ნატოს წევრი ქვეყნების არმიებს. უკრაინა თანამედროვე ომის წარმოების ახალ წესებს ქმნის რეალურ რეჟიმში.
მათ, ვინც შეშფოთებულნი არიან იმით, თუ ვინ ჩაანაცვლებს ვლადიმერ პუტინს, უნდა ახსოვდეთ, რომ ძნელია წარმოიდგინო ლიდერი, რომელიც ომის მიმართ იმაზე ერთგული იქნება, ვინც ეს ომი გააჩაღა. რუსეთმა ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის უდიდესი დანაკარგები განიცადა და, შესაბამისად, ნებისმიერი ხელმძღვანელი მემკვიდრეობად მიიღებს დასუსტებულ არმიას, დაძაბულ ეკონომიკას და უკმაყოფილო მოსახლეობას, რომელიც სულ უფრო მეტად განიცდის საკუთარ თავზე ომის სიმძიმეს.
შეიძლება ვთქვათ: ის სტრატეგიული ვითარება, რომელშიც ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური მემკვიდრე აღმოჩნდება, შედარებით უფრო მძიმე იქნება და ძალიან განსხვავებული იმისგან, რომელიც ვლადიმერ პუტინმა მეოთხედი საუკუნის წინ მიიღო.
ყირიმის ანექსიამ უდიდესი როლი შეასრულა ვლადიმერ პუტინის აღზევებაში. ალბათ, ყირიმის ამჟამინდელი მძიმე მდგომარეობა ასევე დიდ როლს შეასრულებს ვლადიმერ პუტინის დაცემაში.
წყარო:
ავტორ(ებ)ი :