დღე: 11

ღამე: 1

USD 2.8412

EUR 2.9236

ვინ ცდილობს შოტლანდიურ საზოგადოებაზე გავლენის მოხდენას 23.06.2021 16:55

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბი-ბი-სი“-ს რუსულმა სამსახურმა («BBC russian») გამოაქვეყნა ინგლისის პრესის მიმოხილვა, რომელშიც ერთ-ერთი მასალა დიდი ბრიტანეთის საშინაო პოლიტიკაში უცხო სახელმწიფოების ჩარევას ეხება, კერძოდ, შოტლანდიის საკითხებთან დაკავშირებით.

 

„ბრიტანეთის მიმართ არამეგობრულად განწყობილი ქვეყნები ცდილობენ დაარღვიონ ღიაობისა და გამჭვირვალობის, ლიბერალიზმის ის პრინციპები, რომლებიც შოტლანდიური საზოგადოებისთვისაა დამახასიათებელი“, - წერს ბრიტანული გაზეთი „თაიმსი“ («The Times») სტატიაში „ვინ ცდილობს შოტლანდიურ საზოგადოებაზე გავლენის მოხდენას“, რომელიც გლაზგოში გამოქვეყნებულ ანგარიშს ეყრდნობა.

 

მოხსენებაში ნათქვამია, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი შოტლანდიის პოლიტიკაში ჩარევას ცდილობენ.

 

„კრემლის მიერ დაფინანსებული რუსეთის ტელევიზიის მიერ, რომლის ერთ-ერთი წამყვანია ალექს სალმონდი შოტლანდიის ეროვნული პარტიის ყოფილი ლიდერი და შოტლანდიის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელია, აგრეთვე „კონფუცის ინსტიტუტის“ მიერ, რომელსაც ჩინეთის კომუნისტური პარტია აფინანსებს, შოტლანდიის საზოგადოებაში ვრცელდება მტრული მასალები, რომლებშიც ეჭვქვეშაა დაყენებული პრინციპები, რომლებსაც ჩვენი საზოგადოება ეფუძნება“, - ციტირებს გაზეთი „თაიმსი“ ამონარიდს მოხსენებიდან, რომლის ავტორი შოტლანდიის პარლამენტის წევრი სტიუარტ მაკდონალდსია.

 

(„კონფუცის ინსტიტუტი“ წარმოადგენს ჩინურ კულტურულ-საგანმანათლებლო ქსელს, რომელიც შექმნილია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საზღვარგარეთ ჩინური ენის გავრცელებისა და კულტურის პოპულარიზების მიზნით და პეკინის მიერ საგარეო პოლიტიკის გატარების ერთ-ერთ ინსტრუმენტს წარმოადგენს, - „ბი-ბი-სი“-ს შენიშვნა).

 

სტიუარტ მაკდონალდსი ასევე აღნიშნავს ირანის ხელისუფლების მცდელობას გავლენა მოეხდინა შოტლანდიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმზეც, რომელიც 2014 წელს ჩატარდა. მისი განცხადებით, ჩინეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ცენტრები შოტლანდიის უნივერსიტეტებში „ხელს უწყობენ შოტლანდიაში საშინაო პოლიტიკური განწყობის გამწვავებას და სინამდვილის დამახინჯებას“.

 

მანვე გააკრიტიკა რუსული ტელეარხი „რაშა თუდეი“, რომელის ეთერში შოტლანდიის მთავრობის ყოფილ პირველ მინისტრს (ყოფილ ხელმძღვანელს) ალექს სალმონდს საავტორო გადაცემა (თოქ-შოუ) მიჰყავს 2017 წლიდან (ცნობისათვის: ალექს სალმონდი შოტლანდიის დამოუკიდებლობის მხარდამჭერია).

 

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი აქტიურად ავრცელებს დეზინფორმაციას შოტლანდიაში სულ მცირე 2014 წლიდან. კრემლის დეზინფორმაცია თანდათან უფრო „ეშმაკური“ და ღრმად მოფიქრებული ხდება, რაც პანდემიის დროსაც გამოვლინდა: რუსი ტროლები ცდილობდნენ შოტლანდიურ საზოგადოებაში დასავლური ვაქცინების მიმართ უნდობლობა დაეთესათ, მაგალითად, „ასტრაზენეკას“ მიმართ.

 

„შოტლანდიის საზოგადოება დეზინფორმაციის ავტორების მიერ გავრცელებული სიცრუის წინაშე დგას, მათ საკმაოდ დიდი შესაძლებლობები აქვთ, აუმჯობესებენ ხერხებს და მეთოდებს იმ მიზნით, რომ შოტლანდიის საინფორმაციო ეკოსფეროზე სასურველი გავლენა და მაისი კორუმპირება მოახდინონ“, - ნათქვამია მოხსენებაში.

 

„მართალია, ასეთი დეზინფორმაციის წინააღმდეგ პანაცეა არ არსებობს, - აღნიშნავს ავტორი, - თუმცა შესაძლებელია შვედეთისა და ფინეთის გამოცდილების გაზიარება, რომლებმაც სპეციალური საგანმანათლებლო და ანტიდეზინფორმაციული ღონისძიებები განახორციელეს რუსული და ჩინური საინფორმაციო კამპანიის წინააღმდეგ.

 

თუ მტრული უცხოური ძალები იყენებენ სახელმწიფო დაწესებულებებს, ბიზნესს და კერძო პირებს თავიანთი დეზინფორმაციული კამპანიის წარმოებისათვის, მაშინ ლიბერალური დემოკრატიის პასუხი ისეთივე მრავალფეროვანი და იმავდროულად ერთიანი უნდა იყოს“, - ციტირებს გაზეთი „თაიმსი“ სტიუარტ მაკდონალდსს.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ