იმაზე უარესი რაც დღეს გვაქვს, რა შეიძლება იყოს?-დავით ქართველიშვილი 31.01.2026 12:21

"მეგობრებო, მე არ მინდა დავტოვო შთაბეჭდილება, რომ გავურბივარ "თსუ-სტუ"-ს დისკუსიაში მონაწილეობისაგან. ჩემი პოზიცია - არაა დარგობრივი სპეციალისტის, თუ განათლების სფეროში "ექსპერტის" მოსაზრება, რომელსაც არ წარმოვადგენ. ჩემი მთავარი გულისტკივილი თქვენ იცით - ეს არის ღვთისმშობლის წილხვდომილობაში დაცარიელებული ტაძრები. ეს არის სახარების მიღმა უეკლესიურობა, ულოცველობა, უმარხულობა, უზიარებლობა, უსიყვარულობა - მაგრამ, ეს ხომ სულ სხვა თემაა.

განათლების სფეროში მე მაშინებს დიპლომირებული ტაქსის მძღოლების, მარკეტების კონსულტანტების და კერძო დაცვის თანამშრომლების კატასტროფული რაოდენობა. ეს ყველაფერი მაშინებს 1700 ქართული დაცარიელებული სოფლის, დახარვეზებული აგროსექტორის, უნიკალური პროფესიის უკანასკნელი მატარებლების (ხარატი, დურგალი, მექანიკოსი და ა.შ.) - ფონზე. განათლების სფეროში მაშინებს "პროფესორის" და "დოქტორის" ხარისხების მინიჭება იქ - სადაც ყასაბს, ყოველგვარი სწავლის გარეშე, აძლევენ "სახელმწიფო მმართველობის დოქტორანტურის" დამთავრების საშუალებას.

კი არ მაშინებს, არამედ "აღშფოთებულად შეშფოთებული" ვარ - რომ თავის დროზე დღეს აღელვებულ საზოგადოებას ხმა არ ამოუღია ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და ეფექტური უმაღლესი სასწავლებლის - უშიშროების აკადემიის გაქრობის და განადგურების გამო. მოკლე პერიოდი მე მანდ არა მხოლოდ ვსწავლობდი, არამედ ვასწავლიდი კიდეც. და ეს იყო პატრიოტიზმის, უცხო ენების, ოპერატიული ფსიქოლოგიის, სპეცდისციპლინების სწავლების უნიკალური ლაბორატორია. გააქრეს აკადემია და სპეცსამსახურებში მივიღეთ ყასაბების, პოეტების, ენჯეოშნიკების არაერთი თაობა.

დღეს უმაღლესი განათლების სისტემა მე მიმაჩნია სახელმწიფოს ძირითად სახე
დამკვეთად - თუ რამდენი მაღალკვალიფიციური სპეციალისტი და რომელ დარგში გვჭირდება. მე ეჭვი მეპარება, რომ ასეთი დაკვეთა არსებობდეს. სამაგიეროდ წლებია ვხედავ "წითელი პროფესორების" მიერ ადგილობრივი "ჩე გევარების" გამომშვებ "ალმა მატერებს". ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, სულ რომ მთელ მსოფლიოში იქნას დამარცხებული გლობალისტური ლიბერალიზმი - საქართველოში მათი "საუნივერსიტეტო ბუდეები" მაინც იარსებებენ. ეს კი უკვე კატასტროფა იქნება.

ყოველ ჯერზე, როდესაც რაღაც გულწრფელად არ მესმის, ვინაიდან არ ვარ "ექსპერტი" - მე ვრთავ "ანალიტიკოსს" და გამოცდილებით მოპოვებული შედარების შესაძლებლობებს: ახალი გადაწყვეტილებით ესა თუ ის პრობლემა - გამძაფრდება, თუ იმაზე უარესი რაც დღეს გვაქვს, რა შეიძლება იყოს? ჩემი ანალიტიკური ინტუიციით - ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმე ამ უკანასკნელთან გვაქვს. ხოლო ისედაც მძიმე და ჩიხში შესული ვითარების კიდევ უფრო დემონიზირების უკან - მხოლოდ გარკვეულ პირთა კლასტერების მხრიდან, პირადულ და სუბიექტურ შეხედულებებს ვხედავ. არაა გამორიცხული - როგორც ყოველთვის, ამაშიც ვცდებოდე...",-წერს სოციალურ ქსელში "ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ