03.02.2026 11:33
„საქართველო არ ანგრევს გლობალისტურ სამყაროს და არ იბრალებს მისი მესაფლავის როლს. მაგრამ, ის ბევრად უფრო სახიფათო ფუნქციას ატარებს ნებისმიერი იდეოლოგიური კონსტრუქციისთვის - აჩვენებს დაუმორჩილებლობის შესაძლებლობას, საკუთარი თავისთვის ამით გამოწვეული კატასტროფის გარეშე", - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი და საქართველოს ისტორიულ როლსა და დანიშნულებაზე აკეთებს აქცენტს.
ექსპერტი ეპშტეინის საქმეზეც წერს და აღნიშნავს, რომ ეს თემა დასავლური სკანდალის ფარგლებს სცდება.
„ისტორიული საქართველო არაერთხელ აღმოჩნდა სხვადასხვა იმპერიის, რომელიც საკუთარ თავს მარადიულ ძალად მიიჩნევდა, დარტყმის ქვეშ. არაბული სამყარო, სპარსეთი, მონღოლეთი, ოსმალეთის იმპერია, შემდეგ კი მეფისა და ბოლშევიკური რუსეთი - ყველანი მოდიოდნენ, როგორც საკუთარი ეპოქის „გარდაუვალი ისტორიული ძალა".
ყოველ ჯერზე კი, საქართველო, მათზე გაცილებით სუსტი რესურსებით, მოსახლეობითა და სამხედრო ძალით, ერთადერთი მისწრაფებით - არ გათქვეფილიყო მათში, გამარჯვებული გამოდიოდა. სწორედ ამაში მდგომარეობს მისი ისტორიული ფუნქცია: არა იმპერიების დამხობა, არამედ მათი „მარადიულობის ილუზიის" გაბზარვის ტრიგერად ქცევა.
გლობალისტური ლიბერალიზმი, რომელიც დღეს უნივერსალურობაზე და მორალურ უპირატესობაზე აცხადებს პრეტენზიას, იმავე ლოგიკით მოქმედებს, როგორც წარსულის ყველა იმპერია: ის ვერ იტანს წინააღმდეგობას, არ ცნობს სუვერენულ გამონაკლისებს და მტკივნეულად რეაგირებს დაუმორჩილებლობაზე. სწორედ ამიტომ საქართველო, თავისი პრინციპული პოზიციით, მორიგ მმართველ ობიექტად ქცევაზე ისტორიული უარით, თავსმოხვეული შაბლონებით ცხოვრების არმიღებით და გლობალური სიგიჟეებით აღსავსე წუთისოფელში საკუთარი ბალანსის ძიებით, ამ სისტემისთვის საკუთარი მასშტაბის შეუსაბამო გამაღიზიანებელ ფაქტორად იქცა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს: საქართველო არ ანგრევს გლობალისტურ სამყაროს და არ იბრალებს მისი მესაფლავის როლს. მაგრამ, ის ბევრად უფრო სახიფათო ფუნქციას ატარებს ნებისმიერი იდეოლოგიური კონსტრუქციისთვის - აჩვენებს დაუმორჩილებლობის შესაძლებლობას, საკუთარი თავისთვის ამით გამოწვეული კატასტროფის გარეშე. პატარა ქვეყანა, რომელიც არ არის იზოლირებული, არ არის განადგურებული და არ ჩამოშლილა ზეწოლისა და სანქციების პირობებში - ანგრევს გლობალისტური ლიბერალიზმის მთავარ მითს: თითქოს ალტერნატივა არ არსებობს და თავსმოხვეული ჩარჩოებიდან გამოსვლა გარდაუვლად ქაოსს ნიშნავს.
ამ ფონზე ეპშტეინის საქმე დასავლური სკანდალის ფარგლებს სცდება და იქცევა სისტემის მორალური გაშიშვლების მომენტად, რომელიც გუშინ ჯერ კიდევ სხვებისთვის მორალისტური ქადაგების უფლებას ითხოვდა. როდესაც სისტემის ცენტრი ასეთ „ურჩხულოვან" ელიტურ დაუსჯელობას ავლენს, ხოლო პერიფერია (საქართველოს სახით) უარს ამბობს ამ ცენტრის ფსევდოზნეობრივ ინსტრუქციებზე დამორჩილებაზე, ჩნდება სახიფათო დისონანსი, რომელიც ანადგურებს არა ინსტიტუტებს, არამედ რწმენას საკუთარი ძალების „უკვდავებაში". ხოლო რწმენა ნებისმიერი იდეოლოგიის მთავარი რესურსია. ამ კონფიგურაციაში საქართველო არ გამოდის როგორც ბრალმდებელი, ის სარკის როლს ასრულებს. დასავლეთს იმას კი არ ეუბნება, რომ ის „იხრწნება" (ამას ჩვენს გარეშეც კი თავად დასავლეთი აკეთებს) საკუთარი აყროლებული წყლულების გახსნით. საქართველო უბრალოდ უარს ამბობს აღიაროს იმ ძალების მორალური მონოპოლია, რომლებმაც ამ მონოპოლიის უფლება დაკარგეს. ამ თვალსაზრისით მისი პოზიცია მართლაც შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ - თუნდაც არა გადამწყვეტ, მაგრამ სიმბოლურ ლურსმნად, გლობალისტური ლიბერალიზმის, როგორც უნივერსალური პროექტის, კუბოში.
ისტორია გვასწავლის: იმპერიები და იდეოლოგიები არ კვდებიან გარე დარტყმებისგან - ისინი მაშინ ინგრევიან, როცა მცირე აქტორები უარს ამბობენ მათთვის განსაზღვრული როლის შესრულებაზე. საქართველო არ ანგრევს გლობალისტურ სამყაროს - ის უბრალოდ გამოდის მისი ჰიპნოზიდან, როგორც ეს 9 აპრილს გააკეთა. ხოლო ნებისმიერი სისტემა, რომელიც მორალური უპირატესობის ილუზიაზეა აგებული, ასეთ უარს გაცილებით მძიმედ აღიქვამს, ვიდრე მტრის ღია შემოტევას. სწორედ ასე იწყება დიდი ისტორიული კონსტრუქციების ფინალური ფაზა - ჩუმი დაუმორჩილებლობისგან, რომელიც მოულოდნელად სხვებისთვისაც გადამდები აღმოჩნდება", - წერს დავით ქართველიშვილი.
ავტორ(ებ)ი :