26.02.2026 18:53
პარტია „ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი, მედიასთან გამოეხმაურა გაერთიანებული სამეფოს მიერ ტელეკომპანიების - „იმედის" და „POSTV"-ის დასანქცირებასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის დაბარებას. ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ ორიოდე წლის წინ საქართველოს მოსახლეობა მსგავს ფაქტს ვერ წარმოიდგენდა, თუმცა დღეს ცხადია, რომ ხელისუფლება იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს:
„წარსულში ვერავინ წარმოიდგენდა იმას, რომ შესაძლებელი იყო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიდი ბრიტანეთის ელჩის დაბარება, მაგრამ ბოლო 2 წელში საქართველოს ხელისუფლებამ დაიცვა ქვეყნის სუვერენიტეტი" - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
„ხალხის ძალის" წევრმა აღნიშნა ისიც, რომ კანონისა და სამართლის წინაშე თანასწორია ყველა, რაზეც, ანალიტიკოსის სიტყვებით, მეტყველებს ისიც, რომ ხელისუფლებას არ შეეშინდა გუნდის ყოფილი წევრების რიგებში გახმაურებული დანაშაულის გამოვლენა.
„ჩვენს საზოგადოებაში, ქართული ოცნების ამომრჩეველშიც კი, წინა წლებში არსებობდა სკეპტიკური დამოკიდებულება, რაც, რა თქმა უნდა, საფუძვლიანი იყო. კერძოდ, წარსულში ვერავინ წარმოიდგენდა იმას, რომ ეს ელემენტარული, დიპლომატიური პროცედურა - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიისა ან დიდი ბრიტანეთის ელჩის დაბარება კითხვა -პასუხის რეჟიმში, შესაძლებელი იქნებოდა. მაგრამ, უკანასკნელ 2 წელიწადში, საქართველოს ხელისუფლებამ დაიცვა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და სუბიექტურობა მთელ მსოფლიოში, რისთვისაც მას მინდა, ტაში დავუკრა. სწორედ ამის გამო გააძლიერა მმართველმა გუნდმა საკუთარი რეიტინგი.
მეტიც, „ქართულ ოცნებას" არ ეშინია, გუნდის ყოფილი წევრების რიგებშიც კი გახმაურებული დანაშაულის გამოვლენისა და გარკვეული პირებისთვის ბრალის წარდგენის. ამ პირებს თავი ეგონათ იმ კასტის წარმომადგენლები, რომლებსაც ყველა და ყველაფერი დაიცავდა, თუმცა, ცხადი გახდა, რომ ამ ქვეყანაში არავინ, მათ შორის არც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩები, არ არიან კანონისა და სამართლის წინაშე რამენაირი ინდულგენციით აღჭურვილნი. ამიტომ, ეს არის ძალიან მკაფიო და კარგი გზავნილი ჩვენი საზოგადოებისა და „ქართული ოცნების" ამომრჩევლის მიმართ: ის სკეფსისი, რომელიც წინა წლებში არსებობდა, შეიძლება დავივიწყოთ. დღეს მე საშინაო და საგარეო პოლიტიკას ვეხები და არა ეკონომიკას, იქ შეიძლება ბევრი პრობლემა არსებობდეს, რაზეც საუბარი უნდა დაიწყოს კონსტრუქციულმა ოპოზიციამაც, თუმცა, ის, რასაც მმართველი ძალა აკეთებს შიდა და საგარეო პოლიტიკურ ველზე, მისასალმებელია" - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
ავტორ(ებ)ი :