საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა და ინდურ კომპანია „ჰინდუსტან სილიჩენ პრაივატ ლიმიტედს" შორის პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებში კომპანია არსებული ნავთობის საბადოების განვითარების მიმართულებით მასშტაბურ სამუშაოებს განახორციელებს — დაგეგმილია 7 მოქმედი ჭაბურღილის დაღრმავება-გაბურღვა და 2 ახალი საძიებო ჭაბურღილის ბურღვა თანამედროვე, მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით. ხელმოწერის ცერემონიას, რომელიც ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე, მინისტრის მოადგილე, ენერგეტიკის დარგის კურატორი ინგა ფხალაძე, ინდოეთის ელჩი საქართველოში სუბუ რამეში, კომპანიის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
„ეს შეთანხმება წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოსა და ინდოეთს შორის ეკონომიკური პარტნიორობისა და მეგობრობის განმტკიცების მიმართულებით. ის ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკული რესურსების განვითარებას, ახალი ინვესტიციების მოზიდვას და ნავთობის წარმოების სექტორში თანამედროვე მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვას" - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, აღნიშნული ხელმოწერით საფუძველი ეყრება ახალ ეტაპს, რომელიც გააძლიერებს საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და შექმნის ახალ შესაძლებლობებს ეკონომიკის ზრდისა და რეგიონების განვითარებისთვის.
აღსანიშნავია, რომ პროექტის საინვესტიციო პაკეტის მოცულობა შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში დაახლოებით 50 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტში 4.15 მილიონ აშშ დოლარს გადაიხდის.
„Hindustan Silichine Private Limited" წარმოადგენს ინდურ მულტი-ბიზნეს ჰოლდინგს, რომელიც ნავთობის მოპოვებისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების მიმართულებით საქმიანობს.
წილობრივი განაწილების ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ტატიშვილმა, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ეკატერინე სისაურმა და კომპანია „ჰინდუსტან სილიჩენ პრაივატ ლიმიტედს"-ის დირექტორმა ხიტიშ კუმარ ნაიაკმა.
ავტორ(ებ)ი :