"ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს განვიხილავთ, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან კორიდორს, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს, მიიღოს უფრო დიდი ზომის, დაახლოებით 16 მეტრი სიღრმის მქონე გემები", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს მეტი დაკავშირებადობისთვის."
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური პირველ გემს 2029 წლისთვის მიიღებს. როგორც მან აღნიშნა, პორტში დიდი ზომის გემების მიღება შეამცირებს გემების განთავსების სირთულეებს. მისი შეფასებით, შესაბამისად, აღარ გახდება საჭირო პორტების შერჩევა გემების მოცულობის მიხედვით.
"ეს ეფექტურად დაზოგავს ტვირთბრუნვის ხარჯებს და დააჩქარებს პროცესებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში. ეს საშუალებას მოგვცემს შეიქმნას თავისუფალი სავაჭრო-სამრეწველო ზონები. ვფიქრობ, ანაკლიის პორტი ხელს შეუწყობს საქართველოს, გადაიქცეს რეგიონულ ჰაბად და გახდეს მაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
ავტორ(ებ)ი :