გვაქვს ამბიცია, ციფრული ჰაბის ფუნქცია დაგვეკისროს - ეს არის ახალი და ძალიან ბუნებრივი როლი, რომელიც ქვეყანამ უნდა შეიძინოს -ირაკლი ნადარეიშვილი 22.10.2025 18:46

„საქართველო ისტორიულად გახლავთ ე.წ. ლოგისტიკური და სატრანზიტო ჰაბი თავისი გეოგრაფიული მდებარეობით. ქვეყანა კიდევ უფრო ავითარებს ამ როლს და მეტ მნიშვნელობას იძენს შუა დერეფნის კონტექსტში იმისთვის, რომ საქართველოს პოზიცია კიდევ უფრო განმტკიცდეს და აღმოსავლეთ რეგიონში მთელი რიგი ქვეყნისთვის ერთგვარ კარიბჭედ ვიქცეთ“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა პანელურ დისკუსიაზე - „ციფრული ტრანსფორმაცია: მომავლისთვის მზადმყოფი სამყარო“

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ქვეყნის მიზანია ინოვაციური ეკონომიკისა და დიგიტალიზაციის გაციფრულების მიმართულებით განვითარება.

„ჩვენ ვცდილობთ, ძალიან ბუნებრივად გადავიდეთ შემდეგ სტატუსზე და გვაქვს ამბიცია, ციფრული ჰაბის როლი დაგვეკისროს. ეს არის ახალი და ძალიან ბუნებრივი როლი, რომელიც ქვეყანამ უნდა შეიძინოს და გულისხმობს, რომ საქონლისა და ენერგიის გამტარიანობის გარდა, სხვა მიმართულებითაც გვინდა განვითარება“, - განმარტა მინისტრის მოადგილემ.

როგორც პანელურ დისკუსიაზე ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, გარკვეულ კვლევებზე დაყრდნობით, ცნობილია, რომ მონაცემთა გადაცემასა და შენახვაზე მზარდი მოთხოვნა უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. მისი განმარტებით, ინტერნეტ-ტრაფიკზე 40%-იანი ზრდაა მოსალოდნელი. ხოლო 50%-ზე მეტ ზრდას პროგნოზირებენ მონაცემთა დაცვის მოთხოვნებთან დაკავშირებით, ამიტომ ფოკუსირება ხდება ინფრასტრუქტურაზე, რათა ინვესტირება მოხდეს გარკვეულ უნარებსა და შესაძლებლობებში.

პანელურ დისკუსიაზე ირაკლი ნადარეიშვილმა ასევე დეტალურად ისაუბრა, საქართველოს მიმზიდველობაზე ინვესტირებისა და ბიზნესის კეთების კუთხით.

„ჩვენ გვაქვს თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება GNET-სა და ევროკავშირთან. გვაქვს ძალიან მოქნილი საკანონმდებლო ბაზა და საგადასახადო კანონმდებლობა, რომელიც საშუალებას აძლევს ტექნოლოგიურ კომპანიებს, ამ მიმართულებით ინვესტიციები აქტიურად განახორციელონ. შესაბამისად, გვაქვს ამბიცია, რომ ქვეყანა ციფრული ჰაბის მიმართულებითაც განვავითაროთ“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა ციფრულ-ბოჭკოვანი პროექტების განხორციელების კუთხით. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა პროექტ Log in Georgia-ს, რომლის ფარგლებში ინტერნეტი მიეწოდება ქვეყნის ყველაზე შორეულ რეგიონებსაც კი, ასევე კომპანია Starlink-ის შემოსვლას, რომელიც უზრუნველყოფს, ფაქტობრივად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სერვისის მიწოდებას.

„დღეისთვის მოსახლეობის, დაახლოებით, 99%-ს აქვს წვდომა მობილურ სერვისებზე და დაახლოებით 70%-ზე მეტს აქვს ე.წ. 5G ინტერნეტი, თითქმის 100%-ზე მეტს კი აქვს ფართოზოლოვანი სერვისები“,- აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის პოლიტიკისა და სტრატეგიული ხედვის კიდევ ერთი მიმართულება არის ხუთწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც ციფრული ეკონომიკის განვითარებას, ციფრული საზოგადოების გაძლიერებასა და გაფართოებას მოიცავს.

აღნიშნულ პანელურ დისკუსიაში ირაკლი ნადარეიშვილის გარდა მონაწილეობდნენ სომხეთის რესპუბლიკის მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრის პირველი მოადგილე გევორგ მანთაშიანი, ევროპის ბაზრის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი და Nokia -ს გერმანული ოფისის ხელმძღვანელი როლფ ვერნერი, Google-ის ცენტრალური აზიის კავკასიის, განვითარებადი ბაზრების, მთავრობასთან ურთიერთობებისა და საჯარო პოლიტიკის ხელმძღვანელი ოლგა რეისი, UPU International Bureau-ს გენერალური დირექტორის მოადგილე მარჯან ოსვალდი და მსოფლიო ბანკის ციფრული პრაქტიკის მენეჯერი, ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელი იზაბელ ნეტო.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ