თბილისის ფინანსური სამიტი დღეს, 23 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ოფიციალურად გაიხსნა. სამიტი წელს პირველად ტარდება და იგი „აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში იმართება.
ღონისძიება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ გახსნა. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მიმართეს.
„დღეს საქართველო პირველად მასპინძლობს მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას - თბილისის ფინანსურ სამიტს. მოხარული ვარ, რომ ღონისძიებას ესწრებიან როგორც საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირები, ისე რეგიონის ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო ინვესტორები, ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები და ფინტექ ინდუსტრიის ლიდერები. სიმბოლურია, რომ თბილისის ფინანსური სამიტი „აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმის" პარალელურად იმართება, რადგან საქართველომ უკვე დაიმკვიდრა თავი, როგორც ძლიერმა რეგიონულმა ჰაბმა ვაჭრობის, ტრანსპორტის და ენერგეტიკის სექტორში, და ამით ჩვენი ქვეყანა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის თვალსაზრისით. ამჟამად კი სახეზეა საქართველოს ასეთივე ძლიერ ფინანსურ ჰაბად ჩამოყალიბების აუცილებლობა და წინაპირობებიც", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისი განმარტებით, თბილისის ფინანსური სამიტის ერთ-ერთი თანაორგანიზატორია „გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელი" (GFTN), რომელიც წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო ქსელს ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში და აერთიანებს ფინანსურ ინსტიტუტებს, ფინტექ კომპანიებსა და ინვესტორებს ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან.
„მოხარული ვარ, რომ ამ წამყვან გლობალურ პლატფორმას ახლა საქართველოც უერთდება", - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ავტორ(ებ)ი :