03.11.2025 11:22
ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართება არაერთი მაღალი რანგის შეხვედრა, მათ შორის ჩინეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, უმნიშვნელოვანესი ვიზიტი შედგება ჩინეთში.
„ვიზიტის ფარგლებში გაიმართება არაერთი მაღალი რანგის შეხვედრა, მათ შორის ჩინეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან. ხელი მოეწერება ახალ, უმნიშვნელოვანეს ორმხრივ შეთანხმებებს, რომლის ფარგლებშიც გამყარდება როგორც სავაჭრო ეკონომიკური, ისე ხალხთა შორის ურთიერთობები ჩვენ ორ ქვეყანას შორის. ამავდროულად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პირველად საქართველო წარდგება საპატიო სტუმრის სტატუსით ჩინეთის უმსხვილეს იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე. ჩინეთში ჩვენთან ერთად მოემგზავრება 40-მდე ქართული კომპანია, რომელსაც ექნებათ შესაძლებლობა, საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია ღირსეულად მოახდინოს საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში. ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს, რომ მოხდეს ქართული პროდუქციის ექსპორტი და ამ პლატფორმას ჩვენ გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ვნახოთ კიდევ უფრო მეტი ქართული პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ლი ციანის მიწვევით შანხაიში ვიზიტს გამართავს. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან. მათივე ცნობით, ირაკლი კობახიძე შანხაიში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
ავტორ(ებ)ი :