06.11.2025 19:19
გამოწვევებზე დროულ და ეფექტურ რეაგირებაზე მეტყველებს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის და მაკროეკონომიკური გარემოს კუთხით არსებული მნიშვნელოვნად პოზიტიური ტენდენციები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.
როგორც ცინცაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ, რეიტინგის თანახმად, საქართველო ევროპის საუკეთესო სამეულშია.
„თუ შევხედავთ ევროპის ქვეყნებს, საქართველო ევროპის საუკეთესო სამეულში ხვდება და ამ კომპონენტის მიხედვით მას მხოლოდ ლუქსემბურგი უსწრებს. უნდა აღინიშნოს, რომ გლობალური ცვლილებებსა თუ გლობალურ გამოწვევებზე რეაგირების კუთხით საქართველო ყოველთვის დროულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა თუ ქმედებებს ახორციელებს", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
როგორც ეკონომიკის სამინისტრო წერს, ჩენდლერის მმართველობის ინსტიტუტმა ცვლილებებზე ეფექტურად რეაგირების შეფასება „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის" ფარგლებში გამოაქვეყნა.
„რეიტინგი ეფუძნება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალურ გამოკითხვას თემაზე „რამდენად ეფექტურად რეაგირებს მთავრობა ცვლილებებზე". გლობალურ გამოკვლევაში საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიიღო - მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში 6 ადგილით დაწინაურდა და 11-ე პოზიციაზეა, ევროპის საუკეთესო სამეულში კი მეორე ადგილი დაიკავა. ევროპის საუკეთესო სამეულს ლუქსემბურგი, საქართველო და შვეიცარია წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ, რეიტინგის თანახმად, საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 5 ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატო-ს წევრ 32 სახელმწიფოს", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცინცაძე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის გლობალურ ცვლილებებსა თუ გამოწვევებზე დროულ და ეფექტურ რეაგირებაზე მეტყველებს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის და მაკროეკონომიკური გარემოს კუთხით პოზიტიური ტენდენციები.
„ამის ნათელი დადასტურებაა ის ეკონომიკური შედეგები, რომლებიც საქართველოს აქვს - გლობალურად ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა და მოსალოდნელია, რომ ამ კუთხით მოწინავე პოზიციას მომდევნო წლებშიც შეინარჩუნებს", - განაცხადა ცინცაძემ.
ავტორ(ებ)ი :