"იგლ ჰილს"-თან გაფორმებული შეთანხმებით საქართველოს მთავრობამ პირველ ადგილზე სახელმწიფო ინტერესი დააყენა"-მარიამ ქვრივიშვილი 10.11.2025 11:17

„იგლ ჰილს საქართველოს" პროექტი ის შემთხვევაა, როდესაც მთავრობამ პირველ ადგილზე სახელმწიფო ინტერესი დააყენა, ხელშეკრულებით სახელმწიფოს არცერთ ეტაპზე და არცერთ პუნქტში არ აქვს აღებული რაიმე სახის ფინანსური ვალდებულება, არ გაუცია ფინანსური გარანტია", - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი.

ამასთან, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აღნიშნავს, „სამწუხაროდ, საქართველოში წარსულში არსებობდა არაერთი არასწორად გაფორმებული ხელშეკრულება, მათ შორის, საინვესტიციო - როდესაც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მსხვილი ინვესტორები სახელმწიფოს თავიანთ პირობებს კარნახობდნენ".

მარიამ ქვრივიშვილი ხაზს უსვამს, რომ „იგლ ჰილსის" პროექტი მათ რიცხვს არ განეკუთვნება და საქართველოს მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული შეთანხმებით სახელმწიფოს ინტერესები მაქსიმალურადაა დაცული.

დეველოპერული კომპანია „იგლ ჰილსი" საქართველოში, კერძოდ, თბილისსა და გონიოში $6,5 მილიარდზე მეტი ღირებულების ორ პროექტს განახორციელებს. გაფორმებული შეთანხმების თანახმად, საქართველო პროექტების პარტნიორი და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრეა.

„ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად ასეთი მსხვილი და უპრეცედენტო ინვესტიციისა, სახელმწიფოს არ გაუცია განსხვავებული ან საგამონაკლისო რეჟიმი უშუალოდ ამ ინვესტორისთვის ან უშუალოდ ამ პროექტისთვის. ამასთანავე, მივიღეთ უპრეცედენტო შესაძლებლობა - სახელმწიფო გახდა თანაპარტნიორი საერთო საწარმოში, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო თბილისსა და გონიოში მდებარე მიწების თანამესაკუთრეა", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მასშტაბურ პროექტზე საუბრისას ასევე აქცენტს იმ ეკონომიკურ სარგებელზე აკეთებს, რომელსაც ის მთელი ქვეყნისთვის მოიტანს.

„იმ სიკეთეების მიღმა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის უმთავრესია ინვესტიციის საპირწონედ, სახელმწიფო ამავდროულად მიიღებს დივიდენდს და შემოსავალს ბიუჯეტში, რაც ნიშნავს, რომ ეს ქართული პროექტია", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ