"ავიაკომპანია Air China პეკინსა და თბილისს შორის რეგულარულ პირდაპირ ფრენებს მიმდინარე წლის 2 დეკემბრიდან ყოველ სამშაბათს და შაბათს შეასრულებს"-გივი დავითაშვილი 14.11.2025 13:31

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის გივი დავითაშვილის ინფორმაციით, ავიაკომპანია Air China-ს მიერ საქართველოსა და ჩინეთის დედაქალაქებს შორის რეგულარული პირდაპირი ფრენების დაწყება პრემიერ მინისტრის ჩინეთში წარმატებული ვიზიტის შემდეგ დაჩქარდა და უკვე მიმდინარე სანავიგაციო სეზონიდან გახდა შესაძლებელი.

„სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ავიაკომპანია Air China პეკინსა და თბილისს შორის ფრენებს მიმდინარე წლის 2 დეკემბრიდან კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს შეასრულებს. აღსანიშნავია, რომ გასული 10 თვის მონაცემებით, ავიაკომპანიამ საქართველოსა და ჩინეთს შორის 25,000-ზე მეტი მგზავრი გადაიყვანა", - განაცხადა გივი დავითაშვილმა.

უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია Air China-ს მიერ საქართველოსა და ჩინეთის დედაქალაქებს შორის რეგულარული პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის შედეგად გადაწყდა - ვიზიტის ფარგლებშიც სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად, ორ ქვეყანას შორის სამოქალაქო ავიაციის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებაც იქნა განხილული.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია Air China-ს ოპერირების ნებართვა დღეს მიანიჭა.

როგორც სააგენტოს დირექტორი აღნიშნავს, ქვეყნებს შორის მგზავრთნაკადი 2025 წელს მკვეთრად გაიზარდა - ბოლო 10 თვის განმავლობაში საქართველოდან ჩინეთის მიმართულებით ჯამურად ყველა ავიაკომპანიის მიერ 88,000-ზე მეტი მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 81%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.

„ჩინური ავიაკომპანიების მხრიდან საქართველოს საავიაციო ბაზრით დაინტერესება პერმანენტულად იზრდება, შესაბამისად, საფუძვლიანი ვარაუდი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში მეტი ავიაკომპანია და მეტი მიმართულება დაგვემატება", - აღნიშნა გივი დავითაშვილმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ