19.11.2025 13:18
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 20 831.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.6 პროცენტით მეტია.
საქსტატის ცნობით, ექსპორტი 5 835.9 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაიზარდა 6.8 პროცენტით, ხოლო იმპორტი - 14 995.7 მლნ. აშშ დოლარს, ზრდამ 9.3 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში 9 159.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44.0 პროცენტია.
ამასთან, უწყების ანგარიშით, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.4 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი - 2 536.2 მლნ. აშშ დოლარით, აშშ - 2 343.3 მლნ. აშშ დოლარითა და რუსეთი - 2 145.9 მლნ. აშშ დოლარით.
2025 წლის იანვარ-ოქტომბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 2 287.1 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 39.2 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 291.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა სპირტიანი სასმელები 230.1 მლნ. აშშ დოლარით.
ხოლო უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 3 152.4 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 21.0 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 098.2 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 559.9 მლნ. აშშ დოლარით.
ავტორ(ებ)ი :