დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Norwegian საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას კოპენჰაგენი-თბილისი-კოპენჰაგენის მიმართულებით 2026 წლის ივნისიდან დაიწყებს 20.11.2025 13:57

საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი დაბალბიუჯეტური ევროპული ავიაკომპანია - ნორვეჯიანი (Norwegian) შემოდის. სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას 2026 წლის ზაფხულიდან დაიწყებს.

Norwegian კოპენჰაგენი-თბილისი-კოპენჰაგენის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები დანიის სამეფოსა და საქართველოს დედაქალაქებს შორის 27 ივნისიდან კვირაში ორჯერ შესრულდება.

ერთ-ერთი წამყვანი ევროპული ავიაკომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს წარმატებულ საავიაციო პოლიტიკას, მათ შორის ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით, ასევე ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების მზარდ დინამიკას და ქვეყნის სწორ პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზრებზე.

სკანდინავიის ქვეყნები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე ბაზარია ავიაციისა და ტურიზმის სექტორების განვითარების პროცესში. თბილისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა მნიშვნელოვნად გაზრდის ამ მიმართულებით დაკავშირებადობას, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება საქართველოში მაღალმსყიდველუნარიანი ტურისტების მოზიდვასა და შესაბამისად, ტურიზმის სექტორიდან შემოსავლების ზრდაზე.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ორ დედაქალაქს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არასდროს ყოფილა, საქართველოს პირდაპირი საჰაერო გზით კოპენჰაგენთან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი აკავშირებდა.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ