24.12.2025 13:27
„საქართველოში სავაჭრო მიწოდების ჯაჭვებში ფასნამატი საკმაოდ მაღალია, პროდუქციის თვითღირებულებიდან დახლამდე საშუალო ფასნამატი დაახლოებით 90%-ს შეადგენს, ცალკეულ პროდუქტებზე კი დღგ-ს გამორიცხვით ორჯერ და უფრო მეტად იზრდება", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
საქართველოში პროდუქტზე მაღალ ფასნამატსა და მიმწოდებლისთვის დაკისრებული ფინანსური ტვირთის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში ქსელური მარკეტების ფინანსური მოგება ევროპულზე გაცილებით უფრო მაღალია, კერძოდ, საქართველოში კონკრეტული საცალო ქსელების წმინდა მოგების მარჟა 7, 8 და 14 პროცენტიც კია, როდესაც ევროპაში წმინდა მოგების მარჟა საშუალოდ 2 პროცენტია.
ქართულ და ევროპულ ქსელურ მარკეტებში ფასთაშორის მაღალ სხვაობაზე საუბრობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეც. ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, შესადარის პროდუქტებზე ღირებულება საქართველოში 20%-დან 180%-მდე უფრო მაღალია ევროპულ ქსელურ მარკეტებთან შედარებით.
ამასთან, მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ ადგილობრივ მწარმოებლებს უჭირთ ქსელურ სავაჭრო მარკეტებში შესვლა, რასაც ის სახელშეკრულებო პირობები განაპირობებს, რომელსაც ქსელური მარკეტები მათ უწესებენ.
„აღნიშნული გამოწვევა არახალია და მხოლოდ საქართველოში არ ფიქსირდება, მსგავსი ტიპის გამოწვევები არსებობდა მათ შორის ევროპის ქვეყნებშიც და მას სხვადასხვა ქვეყნებმა სხვადასხვა ადეკვატური მექანიზმებით უპასუხეს. ჩვენი მიზანია, რომ ეს საკითხი სიღრმისეულად შევისწავლოთ, რათა გამოწვევას შესაბამისი ადეკვატური მექანიზმებით ვუპასუხოთ", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
ავტორ(ებ)ი :