25.12.2025 19:32
როგორც კი დავაანონსეთ სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებული პროცესი, ოპოზიციის პრაქტიკულად 80 პროცენტი დადგა მაღალი ფასების მხარეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სადაც არის ფასების შემცირების რესურსი, ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
„პირდაპირ ვერ მალავენ, რომ უნდათ, მაქსიმალურად დაუმძიმონ საზოგადოებას მდგომარეობა, ოპოზიციის 80 პროცენტი დადგა მაღალი ფასების მხარეს. გამოვიდნენ ათასი ბრალდებით, თითქოს ვაპირებთ მკაცრი შეზღუდვების დაწესებას და ა.შ. ჩვენ რასაც ვაპირებთ, ეს არის საკითხში ჩაღრმავება და, სადაც არის ფასების შემცირების რესურსი, ყველგან უნდა იყოს უზრუნველყოფილი", - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ყველა შესაბამისი პირის მიმართ უნდა დაისვას კითხვები, ვინაიდან მათი პასუხები მნიშვნელოვანია აღნიშნული მიმართულებით სწორი დასკვნების გამოსატანად.
„წინ რომ არ გავუსწროთ მოვლენებს, ყველას უნდა დავუსვათ შეკითხვები. მათ შორის, თუ არის დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი რადიკალი ოპოზიციონერი, მანაც უნდა გასცეს კითხვებს პასუხი, ყველას დავუძახებთ, ყველას დავუსვამთ კითხვებს და ყველამ უნდა გაგვცეს პასუხი ამ შეკითხვებზე. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და ამ დასკვნების საფუძველზე მივაღწიოთ ფასების შემცირებას", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა: „აქტიურად ვიმუშავებთ სადისტრიბუციო და მარკეტების ქსელებთან, რომ ფასების შემცირებას მივაღწიოთ, ვთხოვ პარლამენტს, საკითხის შესაფასებლად შექმნას საპარლამენტო კომისია".
ავტორ(ებ)ი :