23.01.2026 14:53
რეალურად, ის დამატებითი თითოეული ხარჯი, რომელსაც აყენებს ქსელური მარკეტი, გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს ფასზე. ეს საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამის გარკვეულ ჩარჩოში თუ მოექცევა, საბოლოოდ ფასებზე დადებით გავლენას მოახდენს, - ამის შესახებ საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლაშა რიჟამაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„დისტრიბუტორთა ასოციაცია წლების განმავლობაში აყენებდა იმ პრობლემებს, რა პრობლემებზე სასაუბროდაც დღეს ვიმყოფებით სექტორის წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციაში. იმედს ვიტოვებთ, პრობლემები, რომლებზეც, მათ შორის, პრემიერის განცხადებაში იყო მითითებული, იმ პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც საცალო ვაჭრობის ქსელურ ობიექტებთან ურთიერთობაში არსებობს, გადაჭრილი იქნება საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ისე, რომ არ დაზარალდეს არცერთი ბიზნესსუბიექტი და დადებითი ზეგავლენა ჰქონდეს ფასებზე, ფასწარმოქმნაზე. უნდა აღინიშნოს, რომ, გარდა აღნიშნული პრობლემებისა, არსებობს მთელი რიგი პრობლემები, რომლებიც მნიშვნელოვნად ზემოქმედებენ ფასზე და კომპლექსურად არის გადასადგმელი მთელი რიგი ნაბიჯები", - აღნიშნა ლაშა რიჟამაძემ.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, სადისტრიბუციო სექტორისთვის, თუკი საცალო ვაჭრობის ქსელური მარკეტების მიერ დაწესებული გადასახადები მოექცევა რეგულირების ჩარჩოში, არსებობს სივრცე, რომ გამოათავისუფლონ თანხა და ის გადასახადები დაზოგონ, რაც საბოლოოდ დადებით გავლენას მოახდენს ფასზე. არა მარტო სადისტრიბუციო, არამედ ის დამატებითი თითოეული ხარჯი, რომელსაც აყენებს ქსელური მარკეტი, გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს ფასზე. ეს თუ მოექცევა საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამის გარკვეულ ჩარჩოში, საბოლოოდ ფასებზე დადებით გავლენას მოახდენს", - განაცხადა რიჟამაძემ.
რიჟამაძის თქმით, დისტრიბუტორი და ადგილობრივი მწარმოებელი იძულებულია, დათანხმდეს ქსელური მარკეტის მიერ დაყენებულ პირობებს: ე.წ. ქეშბექი, შესვლის გადასახადი, თაროს გადასახადი და სხვა დამატებითი ხარჯები, რაც საბოლოოდ ისახება ფასში. დოკუმენტურად შესაძლოა, ჩანდეს, რომ ფასნამატი არის მწარმოებლის, რეალურად, იმ ფასნამატიდან ისევ საცალო ვაჭრობის ქსელურ ობიექტთან ხდება თანხის მობილიზება", - განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.
რიჟამაძის თქმით, ფასების სტაბილურობის შენარჩუნების შესაძლებლობა არსებობს.
ამასთან, რიჟამაძეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს ირაკლი კობახიძის იმ განცხადებაზე, სადაც ის აღნიშნავს, რომ ჯამური საშუალო ფასნამატი 86%-ს შეადგენს.
„არ ვიცით, 86% რა ფორმულით იქნა გამოთვლილი. შესაძლოა, რიგ პროდუქტზე იყოს მსგავსი ფასნამატი, ზოგზე ნაკლები ან უფრო მეტი, ამას მხოლოდ ქსელური მარკეტი არ იწვევს, მაგრამ მნიშვნელოვან ნაწილში თამაშობს როლს. რეალურად, არსებობს სხვა მთელი რიგი გარემოებები, რომლებიც საბოლოოდ ზემოქმედებს, მათ შორის, საბანკო პროდუქტი, საზღვარგარეთ გაძვირებული ფასი და ასე შემდეგ", - აღნიშნა რიჟამაძემ.
რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სხვადასხვა კომპანიიდან დოკუმენტების ამოღებას, ლაშა რიჟამაძემ განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, კომპანიები ინფორმირებულები ყოფილიყვნენ სამართალდამცავი ორგანოების შესვლაზე და ეს ფაქტი მოულოდნელი არ ყოფილიყო.
„ყველა სექტორისთვის ცოტა ბუნდოვანი იყო სამართალდამცავი ორგანოების შესვლა იქიდან გამომდინარე, რომ ისინი აქტიურად თანამშრომლობენ კონკურენციის სააგენტოსთან. გასულ პერიოდში მიაწოდეს გარკვეული ინფორმაცია, დღესაც მზად არიან, ნებისმიერ უწყებასთან ითანამშრომლონ. უბრალოდ, კარგი იქნებოდა, ინფორმირებული ყოფილიყვნენ იმ სახით, რომ სამართალდამცავი ორგანოები მოახდენდნენ დოკუმენტაციის ამოღებას და ეს არ იქნებოდა მოულოდნელი. სხვა მხრივ, პრობლემა არ არის. ნებისმიერ დროს ნებისმიერ უწყებას შეუძლია, ყველა სადისტრიბუციო თუ ადგილობრივი მწარმოებლიდან ამოიღოს ნებისმიერი დოკუმენტი",- აღნიშნავს რიჟამაძე.
შეგახსენებთ, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით შექმნილია საკოორდინაციო კომისია, რომლის შემადგენლობაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.
ამასთან, 21 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
ავტორ(ებ)ი :