S&P-მ ხაზგასმით აღნიშნა „იგლ ჰილსის“ პროექტის განვითარების პოზიტიური ეფექტი ეკონომიკურ ზრდაზე -ვახტანგ ცინცაძე 07.02.2026 17:05

სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა BB დონეზე სტაბილური პერსპექტივით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, სარეიტინგო სააგენტო ყურადღებას ამახვილებს ძლიერ მაკროეკონომიკურ პოლიტიკაზე, რომელიც საქართველოში ხორციელდება.

„აღნიშნულის შედეგია ის მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც ბოლო წლებში საქართველოში დაფიქსირდა. S&P 2026 წელს 5,4-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი იქნება. ბოლო პერიოდში ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცა ეკონომიკური ზრდის პროგნოზები ზრდის მიმართულებით გადაიხედა", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ცინცაძის თქმით, სარეიტინგო სააგენტო აქცენტს აკეთებს საქართველოში ძლიერ მონეტარულ და ფისკალურ პოლიტიკაზე - მისი მოლოდინია, რომ ინფლაცია 2026 წელს საშუალოდ 3,5 პროცენტის ფარგლებში იქნება.

სარეიტინგო სააგენტომ პოზიტიურად შეაფასა მოლოდინები ქვეყნის ბიზნესგარემოსა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართ. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, S&P-მ ხაზგასმით აღნიშნა „იგლ ჰილსის" პროექტის განვითარების პოზიტიური ეფექტი ეკონომიკურ ზრდაზე. გარდა ამისა, რეიტინგის შეფასებაში აქცენტი გაკეთდა საერთაშორისო სავალუტო რეზერვების რეკორდულ დონეზე 2026 წლის მდგომარეობით.

„ყოველივე აღნიშნული გვაძლევს მყარ საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მომდევნო წლებშიც ეკონომიკური ზრდა იქნება საკმაოდ მაღალი და საქართველოს ეკონომიკა მიმზიდველი იქნება როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ინვესტორებისთვის ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ