18.05.2026 18:04
საქართველოს მთავრობამ მოლაპარაკების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვიწყებთ თანამშრომლობას აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიასთან „სოკართან", რომელიც უზრუნველყოფს, ჩვენთან ერთად აღადგინოს ბაქო-სუფსის მილსადენის ოპერირება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა ბაქოში ვიზიტისას.
ამასთან, ქვრივიშვილის განცხადებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ექვსი წლის შემდეგ პირველად, 26 მაისიდან ბაქოსა და თბილისს შორის აღდგება სამგზავრო მატარებლის ოპერირება.
„ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ჩვენ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების კუთხით. იცით, რომ აზერბაიჯანი ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული პარტნიორია ტურიზმის მიმართულებით და ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აზერბაიჯანიდან ტურისტული ნაკადების ზრდას. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ დღეს სახმელეთო საზღვრები არ ოპერირებს, მხოლოდ საჰაერო მიმოსვლით გვქონდა შესაძლებლობა დავკავშირებოდით დედაქალაქებს. ამავდროულად მინდა შევეხო ასევე ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელსაც წინ უძღოდა მრავალთვიანი ინტენსიური მოლაპარაკებები აზერბაიჯანულ მხარესთან. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მოლაპარაკების საფუძველზე, რომ ჩვენ ვიწყებთ თანამშრომლობას აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიასთან „სოკართან", რომელიც უზრუნველყოფს, ჩვენთან ერთად აღადგინოს ბაქო-სუფსის მილსადენის ოპერირება. აღნიშნულ მილსადენს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის, ზოგადად რეგიონისთვის, ისევე როგორც ევროპისთვის და სხვა ქვეყნებისთვის. აღნიშნული მილსადენი ბოლო წლების განმავლობაში არ იყო ოპერირებაში და შეთანხმების საფუძველზე უკვე ერთობლივი ძალებით მოხდება მილსადენის ოპერირებაში შეყვანა. საქართველო ამ პროექტის მეშვეობითაც განაგრძობს, იყოს მნიშვნელოვანი პარტნიორი ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის ისევე როგორც ევროპისთვის, ასევე სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც მიიღებენ აღნიშნული მილსადენიდან და საქართველოს გავლით ნავთობს", - განაცხადა ქვრივიშვილი.
ავტორ(ებ)ი :