16.06.2026 14:10
ჩვენ გვექნება საშუალება, საქართველოსთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გავაფორმოთ. ეს განსაკუთრებული აქცენტია ჩვენს ურთიერთობებში, - ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
სერბეთის პრეზიდენტის თქმით, ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
„პირველ კვარტალში ორმხრივი ვაჭრობის ზრდის მაჩვენებელი 36.4% იყო. სერვისების, ტურიზმის მიმართულებით გვაქვს წინსვლა, იმიტომ, რომ პირდაპირი ფრენები არსებობს. ეს მაჩვენებელი იზრდება სერბი ტურისტების საფუძველზე. ვისურვებდი, ბევრი ქართველი ტურისტი ჩამოდიოდეს სერბეთში. თბილისში ჩამოსვლა დიდი სიამოვნებაა, ველოდები, რომ სერბეთში ქართველი ბიზნესმენები ჩამოვლენ, ნახავენ იმ შესაძლებლობებს, რაც არსებობს ქვეყანაში.
პრემიერ-მინისტრთან ბევრი მიმართულებით ვისაუბრეთ, ძალიან დიდი ხედვაც გვაქვს. ჩვენ გვექნება საშუალება, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გავაფორმოთ. ეს განსაკუთრებული აქცენტია ჩვენს ურთიერთობებში, ამ საფუძველზე მოხდება ურთიერთობების ზრდის დაჩქარება. ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ის საკითხია, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ. მოლაპარაკებების დასრულებამდე სულ ცოტა რჩება, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დაიწყება აქტიური ვაჭრობა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან კომერციული არხებით ძალიან ბევრი სერვისი შემოდის. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, წარმოიდგინეთ, რამდენად გაიზრდება იმპორტი საქართველოდან. შეუზღუდავი წვდომა გვექნება. მომხმარებლები სერბეთში ისარგებლებენ ასეთი მნიშვნელოვანი იმპორტით. მწარმოებლებისა და მომხმარებლებისთვის ეს ორმხრივად მნიშვნელოვანი იქნება.
მიხარია, რომ ძალიან მალე საქართველოში გაიხსნება სერბეთის საელჩო. იმედია, მსგავსი გადაწყვეტილება იქნება მიღებული სერბეთში საქართველოს საელჩოს გასახსნელად. ამით მხარს დავუჭერთ ჩვენს ურთიერთობებს, მათ განვითარებას. მნიშვნელოვანი იქნება ასეთი მაღალი დონის ინტეგრაცია. სერბეთის და საქართველოს ინტერესებს კიდევ უფრო მყარად დავუჭერთ მხარს, რაც ძალიან კარგი იქნება ორივე მხარისთვის", - განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა.
ავტორ(ებ)ი :