"როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა" 25.05.2020 15:49

„როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა. ახლა მთავარია, ორი ქვეყნის მთავრობებმა ძალიან სწრაფად გავცვალოთ ის პროტოკოლები, რომელთა მიხედვითაც ჩვენს შორის ადამიანების მიმოსვლის დროს უსაფრთხოება იქნება დაცული. ეს არის სწრაფი და ეფექტური გზა იქითკენ, რომ ჩვენ, ზაფხულის სეზონზე, შევძლოთ ვუმასპინძლოთ ტურისტებს როგორც ლატვიიდან, ასევე მთლიანად ბალტიის ქვეყნებიდან უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ლატვიის ტრანსპორტის მინისტრ ტალის  ლინკაიტსთან ონლაინ შეხვედრის შემდეგ.

 

შეხვედრის ძირითად საკითხს ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა წარმოადგენდა. მინისტრებმა დეტალურად ისაუბრეს აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტილების პერსპექტივაზე. ნათია თურნავას განცხადებით, ლატვიის ეროვნული გადამზიდავი „ეარ ბალტიკი" მზადაა, ივლისის პირველი დეკადიდან განახლოს ფრენები საქართველოს მიმართულებით. შესაბამისი განაცხადი უკვე შევიდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ლატვიიდან საქართველოში რეგულარული რეისების აღდგენით დაინტერესებულია უნგრული ბიუჯეტური ავიაკომპანია „ვიზეარიც", რომელმაც ასევე შეიტანა განაცხადი ფრენების დაწყებაზე.

 

„ჩვენ უკვე დავადასტურეთ, რომ „ეარ ბალტიკს" ფრენების განხორციელებაზე თანხმობას მივცემთ. რაც შეეხება „ვიზეირს", ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე და დიდი ალბათობით, მათაც მივანიჭებთ ფრენის უფლებას," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

ონლაინ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები აკაკი საღირაშვილი და გენადი არველაძე, ასევე საქართველოს ელჩი ლატვიაში თეა მაისურაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
თბილისი რიგით მეხუთე, საიუბილეო აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს

22 - 23 ოქტომბერი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით დედაქალაქი რიგით მეხუთე საიუბილეო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" უმასპინძლებს. წარმომადგენლობით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები: რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, ასევე რეგიონსმიღმა ქვეყნების დარგობრივი მინისტრები, წამყვანი გლობალური კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები. ფორუმს წელს 2000-მდე დელეგატი დაესწრება. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" უკვე დამკვიდრდა როგორც მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმა როგორც სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისთვის, ისე სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესს შორის მრავალმხრივი ურთიერთობებისთვის. ფორუმი ასევე მნიშვნელოვანი სადისკუსიო პლატფორმაა, სადაც განიხილება საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების, მათ შორის: „შუა დერეფნის" მარშრუტის როლი და მისი ფუნქციის შემდგომი განვითარების საკითხები, ასევე ახალი პროგრამები და პროექტები სხვადასხვა სექტორული მიმართულებებით. „აბრეშუმის გზის ფორუმის" მთავარი თემა და სლოგანი წელს იქნება: Invest in Connectivity – Grow in Stability. წელს ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ სადისკუსიო სესიებსა და პანელებს მოდერატორობას გაუწევენ მსოფლიოს წამყვანი მედიების ცნობილი, საერთაშორისოდ აღიარებული წარმომადგენლები. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" 22 ოქტომბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გაიხსნება. 22 ოქტომბერს გაიმართება 7 თემატური სესია: ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით. 22 ოქტომბერსვე ჩატარდება საინვესტიციო ფორუმი. 23 ოქტომბერს აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში შედგება თბილისის ფინანსური სამიტი, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში ფინტექის ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან, 22-23 ოქტომბერს ფორუმის მონაწილე სხვადასხვა დარგის კომპანიების წარმომადგენლები ორმხრივ ბიზნეს შეხვედრებს გამართავენ. ფორუმში მონაწილეობის მსურველთათვის, ასევე მედიის წარმომადგენლებისთვის სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია: https://www.tbilisisrf.gov.ge/

 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ