გერმანული კომპანიის მიერ 2018 წელს საქართველოში მზის პანელების პირველი ქარხნის გახსნა მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შედეგი იყო 30.05.2020 18:49

კომპანია AE Solar Georgia-ს გენერალური დირექტორის, დუბრიკ ფოტრაპოვის განცხადებით, კომპანია საქართველოში წარმოების მნიშვნელოვნად გაფართოებას გეგმავს. ქუთაისის თავისუფალ ინდუსტიულ ზონაში მდებარე გერმანული ინვესტიციით შექმნილი საწარმო დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დაათვალიერა. ნათია თურნავას საწარმოს სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მისმა ხელმძღვანელობამ გააცნო. დურბიკ ფოტრაპოვის განცხადებით, გერმანული კომპანიის მიერ 2018 წელს საქართველოში მზის პანელების პირველი ქარხნის გახსნა და ინვესტიციის განხორციელება მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შედეგი იყო.

 

„საქართველო ძალიან მიმზიდველი იყო ინვესტიციების თვალსაზრისით, რადგან მთავრობა ხელს უწყობდა პირდაპირ ინვესტიციებს და სპეციალური რეგულაციები დააწესა გადასახადების, გამჭვირვალობისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებით ევროპასთან და სხვა ქვეყნებთან, მათ შორის GSP-ქვეყნებთან და შეერთებულ შტატებთან“, - აღნიშნა მან. AE Solar Georgia-ს გენერალური დირექტორის ინფორმაციით, პანდემიის გამო არსებული გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, კომპანია საქართველოში საწამოო პროცესის გაფართოებაზე მუშაობს. კერძოდ, წარმოება 500 მეგავატი სიმძლავრიდან 800 მეგავატამდე გაიზრდება, შესაბამისად, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები.

 

„ჩვენ უკვე ვაწარმოებთ მზის პანელებს ერთი წლის განმავლობაში და უახლოეს მომავალში ვაპირებთ გავაფართოვოთ ჩვენი წარმოება 500 მეგავატი სიმძლავრიდან 800 მეგავატამდე, რადგან საქართველოში წარმოებულ ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, მათ შორის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში“, - განაცხადა დურბიკ ფოტრაპოვმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
თბილისი რიგით მეხუთე, საიუბილეო აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს

22 - 23 ოქტომბერი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით დედაქალაქი რიგით მეხუთე საიუბილეო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" უმასპინძლებს. წარმომადგენლობით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები: რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, ასევე რეგიონსმიღმა ქვეყნების დარგობრივი მინისტრები, წამყვანი გლობალური კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები. ფორუმს წელს 2000-მდე დელეგატი დაესწრება. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" უკვე დამკვიდრდა როგორც მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმა როგორც სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისთვის, ისე სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესს შორის მრავალმხრივი ურთიერთობებისთვის. ფორუმი ასევე მნიშვნელოვანი სადისკუსიო პლატფორმაა, სადაც განიხილება საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების, მათ შორის: „შუა დერეფნის" მარშრუტის როლი და მისი ფუნქციის შემდგომი განვითარების საკითხები, ასევე ახალი პროგრამები და პროექტები სხვადასხვა სექტორული მიმართულებებით. „აბრეშუმის გზის ფორუმის" მთავარი თემა და სლოგანი წელს იქნება: Invest in Connectivity – Grow in Stability. წელს ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ სადისკუსიო სესიებსა და პანელებს მოდერატორობას გაუწევენ მსოფლიოს წამყვანი მედიების ცნობილი, საერთაშორისოდ აღიარებული წარმომადგენლები. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" 22 ოქტომბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გაიხსნება. 22 ოქტომბერს გაიმართება 7 თემატური სესია: ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით. 22 ოქტომბერსვე ჩატარდება საინვესტიციო ფორუმი. 23 ოქტომბერს აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში შედგება თბილისის ფინანსური სამიტი, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში ფინტექის ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან, 22-23 ოქტომბერს ფორუმის მონაწილე სხვადასხვა დარგის კომპანიების წარმომადგენლები ორმხრივ ბიზნეს შეხვედრებს გამართავენ. ფორუმში მონაწილეობის მსურველთათვის, ასევე მედიის წარმომადგენლებისთვის სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია: https://www.tbilisisrf.gov.ge/

 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ