„7 ივლისს შესრულდება „აირზენას“ მიერ დაგეგმილი პარიზი-თბილისის რეისი“ 03.07.2020 00:03

7 ივლისს შესრულდება „აირზენას“ მიერ დაგეგმილი პარიზი-თბილისის რეისი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული რეისი ორგანიზებული იქნება უმაღლეს დონეზე და გატარდება ყველანაირი ეპიდემიოლოგიური ღონისძიება, რათა რეისი უსაფრთხოდ შესრულდეს.

 

„თქვენ იცით, რომ ჩარტერული რეისები სრულდება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ვთქვა – მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ეს რეისი არ იყო შეთანხმებული და გარკვეული პრობლემები შეიქმნა ამის გამო, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ 7 ივლისს შესრულდება „აირზენას“ მიერ დაგეგმილი პარიზი-თბილისი რეისი. ვიცი, რომ ეს საკითხი ბევრ ადამიანს აწუხებდა. მინდა ვთქვა, რომ ჩვენგან იქნება ორგანიზებული უმაღლეს დონეზე ყველანაირი ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები იმისთვის, რომ უსაფრთხოდ შესრულდეს ეს რეისი“,- განაცხადა მინისტრმა. ამასთან, თურნავას თქმით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ორშაბათს შეიმუშავებენ და გამოაქვეყნებენ ფრენების ახალ გრაფიკს.

 

„ასევე ორშაბათს პრემიერ-მინისტრის დავალებით შევიმუშავებთ და უკვე გამოვაქვეყნებთ ახალ გრაფიკს, ფრენების განრიგს. ეს იქნება ე.წ. სოციალური ფრენები, ანუ სახელმწიფოს მიერ გეგმაზომიერად ჩვენი თანამემამულეების სხვადასხვა ქვეყნიდან გამოყვანის ფრენები. ძალიან ხელმისაწვდომი ფასებით, რადგან ეს იქნება სახელმწიფოს მიერ სუფსიდირებული ფრენები და ამ ფრენებს შეასრულებს რამდენიმე ავიაკომპანია. ეს მოხდება, როგორც აქამდე ხდებოდა, ორგანიზებულად, გეგმაზომიერად, ყველა უსაფრთხოების ნორმის დაცვით. გარდა ამისა, ჩვენ დავამატებთ კიდევ ჩარტერულ ფრენას და შემდეგ თანდათან რეგულარული ფრენებისკენაც გადავალთ, მაგრამ ეს უკვე იქნება დამოკიდებული იმ მოლაპარაკების დასრულებაზე, რაც ახლა მიმდინარეობს თითოეულ ევროკავშირის სახელმწიფოსთან, რადგან 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში ჩვენ ვართ, მაგრამ ეს სია არის მათთვის სარეკომენდაციო. ახლა თითოეული ქვეყანა თვითონ აყალიბებს ამ სიასთან მიმართებაში, რა რეგულაციები ექნებათ“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
თბილისი რიგით მეხუთე, საიუბილეო აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს

22 - 23 ოქტომბერი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით დედაქალაქი რიგით მეხუთე საიუბილეო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" უმასპინძლებს. წარმომადგენლობით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები: რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, ასევე რეგიონსმიღმა ქვეყნების დარგობრივი მინისტრები, წამყვანი გლობალური კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები. ფორუმს წელს 2000-მდე დელეგატი დაესწრება. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" უკვე დამკვიდრდა როგორც მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმა როგორც სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისთვის, ისე სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესს შორის მრავალმხრივი ურთიერთობებისთვის. ფორუმი ასევე მნიშვნელოვანი სადისკუსიო პლატფორმაა, სადაც განიხილება საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების, მათ შორის: „შუა დერეფნის" მარშრუტის როლი და მისი ფუნქციის შემდგომი განვითარების საკითხები, ასევე ახალი პროგრამები და პროექტები სხვადასხვა სექტორული მიმართულებებით. „აბრეშუმის გზის ფორუმის" მთავარი თემა და სლოგანი წელს იქნება: Invest in Connectivity – Grow in Stability. წელს ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ სადისკუსიო სესიებსა და პანელებს მოდერატორობას გაუწევენ მსოფლიოს წამყვანი მედიების ცნობილი, საერთაშორისოდ აღიარებული წარმომადგენლები. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" 22 ოქტომბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გაიხსნება. 22 ოქტომბერს გაიმართება 7 თემატური სესია: ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით. 22 ოქტომბერსვე ჩატარდება საინვესტიციო ფორუმი. 23 ოქტომბერს აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში შედგება თბილისის ფინანსური სამიტი, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში ფინტექის ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან, 22-23 ოქტომბერს ფორუმის მონაწილე სხვადასხვა დარგის კომპანიების წარმომადგენლები ორმხრივ ბიზნეს შეხვედრებს გამართავენ. ფორუმში მონაწილეობის მსურველთათვის, ასევე მედიის წარმომადგენლებისთვის სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია: https://www.tbilisisrf.gov.ge/

 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ