ნათია თურნავა იმერეთში შიმშილაქედსა და ახალ სვირს ეწვია, სადაც ცოტა ხნის წინ გაზიფიცირების პროცესი დასრულდა 30.07.2020 21:20

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა იმერეთში, სოფლებს: შიმშილაქედსა და ახალ სვირს ეწვია, სადაც ცოტა ხნის წინ გაზიფიცირების პროცესი დასრულდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ნათია თურნავა პირადად გაეცნო შესრულებულ სამუშაოებს და სოფლის მოსახლეობას შეხვდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდნენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ხელმძღვანელი მიხეილ შალამბერიძე, „სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორის მოადგილეები – ანტონ სამსონიძე და გიორგი გაგუა, აგრეთვე ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები.

 

ნათია თურნავამ სოფლის მოსახლეობას გაზიფიცირების სამუშაოების დასრულება პირადად მიულოცა და ის სახელმწიფო პროგრამებიც გააცნო, რომლებშიც მონაწილეობა შეუძლიათ, მათ შორის პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში. „გაზიფიკაციის სამწლიანი მასშტაბური სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს 400-მდე დასახლებული პუნქტი ჩაერთვება გაზიფიკაციის ერთიან ქსელში და დამატებით 100 000-მდე ოჯახი მიიღებს ბუნებრივ აირს,“ – განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, არც ერთი დღით არ შეჩერებულა გაზიფიცირების დიდი პროგრამა, მათ შორის იმერეთის რეგიონში. „კოვიდ-19“-ის გამო ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და საქართველოს მოსახლეობისა და აბონენტების დიდ ნაწილს სამი თვის კომუნალური გადასახადები დავუსუბსიდირეთ. აქედან გამომდინარე, ეს არის მართლაც ძალიან დიდი, მასშტაბური პროგრამა, რომელსაც „კოვიდმაც“ კი ვერ შეუშალა ხელი. გაზიფიკაციის პროცესი ყველა ვადის დაცვით გრძელდება, როგორც ეს მოსახლეობას დავპირდით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ოჯახებში გაზის ანთების სიმბოლურ ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ორგანიზებით, ღონისძიების ფარგლებში, სოფელ ახალ სვირში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, მარტოხელა დედას, ინგა ბასილაძისა და სოფელ შიმშილაქედში მცხოვრებ მელანო ქუტიძის ოჯახებს საჩუქრად გაზქურები გადაეცათ. „ორივე სოფლის მცხოვრებნი კმაყოფილნი არიან, რომ შეუძლიათ, ბუნებრივი აირი მოიხმარონ. სამთავრობო გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ასეთი მასშტაბური ინვესტიციებისა, ბუნებრივ აირზე ტარიფი დარჩეს უცვლელი და სტაბილური,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2019-2021 წლების გეგმის ფარგლებში იმერეთის რეგიონის შვიდ მუნიციპალიტეტში: ბაღდათში, ხარაგაულში, ვანში, საჩხერეში, ტყიბულში, ზესტაფონსა და თერჯოლაში 26 სოფლის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, ჯამურად აშენდა 374,408 გრძივი მეტრი გაზსადენი, ხოლო 4819 აბონენტი ბუნებრივი აირით სარგებლობას შეძლებს. ამჟამად, გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს ორი მუნიციპალიტეტის (ჭიათურა და ვანი) ხუთ სოფელში, რომლის დასრულების შემდეგაც დამატებით 792 აბონენტი ჩაერთვება ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში. სამწლიანი გეგმით, იმერეთის რეგიონის 10 მუნიციპალიტეტის 66 სოფლის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები ჩატარდება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
თბილისი რიგით მეხუთე, საიუბილეო აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს

22 - 23 ოქტომბერი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით დედაქალაქი რიგით მეხუთე საიუბილეო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" უმასპინძლებს. წარმომადგენლობით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები: რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, ასევე რეგიონსმიღმა ქვეყნების დარგობრივი მინისტრები, წამყვანი გლობალური კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები. ფორუმს წელს 2000-მდე დელეგატი დაესწრება. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" უკვე დამკვიდრდა როგორც მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმა როგორც სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისთვის, ისე სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესს შორის მრავალმხრივი ურთიერთობებისთვის. ფორუმი ასევე მნიშვნელოვანი სადისკუსიო პლატფორმაა, სადაც განიხილება საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების, მათ შორის: „შუა დერეფნის" მარშრუტის როლი და მისი ფუნქციის შემდგომი განვითარების საკითხები, ასევე ახალი პროგრამები და პროექტები სხვადასხვა სექტორული მიმართულებებით. „აბრეშუმის გზის ფორუმის" მთავარი თემა და სლოგანი წელს იქნება: Invest in Connectivity – Grow in Stability. წელს ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ სადისკუსიო სესიებსა და პანელებს მოდერატორობას გაუწევენ მსოფლიოს წამყვანი მედიების ცნობილი, საერთაშორისოდ აღიარებული წარმომადგენლები. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" 22 ოქტომბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გაიხსნება. 22 ოქტომბერს გაიმართება 7 თემატური სესია: ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით. 22 ოქტომბერსვე ჩატარდება საინვესტიციო ფორუმი. 23 ოქტომბერს აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში შედგება თბილისის ფინანსური სამიტი, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში ფინტექის ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან, 22-23 ოქტომბერს ფორუმის მონაწილე სხვადასხვა დარგის კომპანიების წარმომადგენლები ორმხრივ ბიზნეს შეხვედრებს გამართავენ. ფორუმში მონაწილეობის მსურველთათვის, ასევე მედიის წარმომადგენლებისთვის სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია: https://www.tbilisisrf.gov.ge/

 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ