"ნენსკრა ჰესი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოებისთვის სტრატეგიული პროექტია" 31.07.2020 11:45

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ონლაინ შეხვედრა გამართა კორეის რესპუბლიკის გარემოს მინისტრ ჩო მენ რესთან. 

 

მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ხარისხი და ხაზი გაუსვეს მზარდ დინამიკას როგორც ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის, ასევე ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით. აღინიშნა, რომ 2019 წელს კორეიდან საქართველოში 25 პროცენტით მეტი კორეელი ვიზიტორი ჩამოვიდა.

 

კიდევ ერთი ცენტრალური საკითხი, რომელზეც მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს, შეეხებოდა თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში. 

 

„საქართველოს, როგორც მიმზიდველი ბაზრის, პოპულარობა კორეელ ინვესტორებს შორის იზრდება. დღესდღეობით, 80-მდე კომპანია საქმიანობს საქართველოში, რომლებიც კორეული კაპიტალის მონაწილეობითაა შექმნილი სხვადასხვა სფეროში. თუმცა მათ შორის, გამოირჩევა საქართველოს ენერგეტიკის ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი - ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური, რომელსაც მსხვილი კორეული კომპანია „ქეი უოთერი" ახორციელებს," - განაცხადა ნათია თურნავამ ონლაინ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

მისი თქმით, ნენსკრა ჰესი უმსხვილესია „ქეი უოთერის" უცხოურ პორტფელში და ამავე დროს სტრატეგიული პროექტია საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისა და  ენერგოუსაფრთხოებისთვის. 

 

„კორეის გარემოს მინისტრმა გამოხატა კორეის რესპუბლიკის მთავრობის სახელით სრული მხარდაჭერა ამ  პროექტის მიმართ და მზადყოფნა, რომ მოხდეს პროექტის დროული იმპლემენტაცია," - განაცხადა ნათია თურნავამ. 

 

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, საქართველოს ელჩი კორეის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი და კომპანია „ქეი უოთერის" წარმომადგენლები.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
თბილისი რიგით მეხუთე, საიუბილეო აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს

22 - 23 ოქტომბერი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით დედაქალაქი რიგით მეხუთე საიუბილეო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" უმასპინძლებს. წარმომადგენლობით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები: რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, ასევე რეგიონსმიღმა ქვეყნების დარგობრივი მინისტრები, წამყვანი გლობალური კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები. ფორუმს წელს 2000-მდე დელეგატი დაესწრება. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" უკვე დამკვიდრდა როგორც მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმა როგორც სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისთვის, ისე სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესს შორის მრავალმხრივი ურთიერთობებისთვის. ფორუმი ასევე მნიშვნელოვანი სადისკუსიო პლატფორმაა, სადაც განიხილება საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების, მათ შორის: „შუა დერეფნის" მარშრუტის როლი და მისი ფუნქციის შემდგომი განვითარების საკითხები, ასევე ახალი პროგრამები და პროექტები სხვადასხვა სექტორული მიმართულებებით. „აბრეშუმის გზის ფორუმის" მთავარი თემა და სლოგანი წელს იქნება: Invest in Connectivity – Grow in Stability. წელს ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ სადისკუსიო სესიებსა და პანელებს მოდერატორობას გაუწევენ მსოფლიოს წამყვანი მედიების ცნობილი, საერთაშორისოდ აღიარებული წარმომადგენლები. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" 22 ოქტომბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გაიხსნება. 22 ოქტომბერს გაიმართება 7 თემატური სესია: ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით. 22 ოქტომბერსვე ჩატარდება საინვესტიციო ფორუმი. 23 ოქტომბერს აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში შედგება თბილისის ფინანსური სამიტი, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში ფინტექის ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან, 22-23 ოქტომბერს ფორუმის მონაწილე სხვადასხვა დარგის კომპანიების წარმომადგენლები ორმხრივ ბიზნეს შეხვედრებს გამართავენ. ფორუმში მონაწილეობის მსურველთათვის, ასევე მედიის წარმომადგენლებისთვის სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია: https://www.tbilisisrf.gov.ge/

 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ