„კავკასუს ონლაინის“ უკანონო მფლობელი ნასიბ ჰასანოვი დაუფარავად ამბობს, რომ კანონი განზრახ დაარღვია“ - ტექნოლოგიური ჰაბის ჩაშლილი პერსპექტივა საქართველოში 26.03.2021 22:02

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

 

 

კომუნიკაციების კომისია შეშფოთებულია „კავკასუს ონლაინის“ უკანონო მფლობელის ნასიბ ჰასანოვის წარმომადგენლის, თემურ თაგიევის მიერ მედიაში გაკეთებული განცხადებით, სადაც ის უკვე ღიად და დაუფარავად აცხადებს, რომ კომუნიკაციების კომისიის უარის მიუხედავად, ნასიბ ჰასანოვმა საქართველოს კანონმდებლობა კიდევ ერთხელ განზრახ დაარღვია, რადგან მისი აზრით კანონიერად  შავი ზღვის ოპტიკურ ბოჭკოვან კაბელს სხვანაირად ვერ შეიძენდა. აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელია ნასიბ ჰასანოვის მხრიდან ქართული კანონმდებლობის უგულებელყოფა. თაგიევი მედიასთან საუბრისას ღიად აცხადებს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანისთანავე, მათ დააჩქარეს პროცესი, რათა მიხვდნენ, რომ სპეციალური მმართველის პირობებში, კანონს ვეღარ დაარღვევდნენ და 51%-ს ვეღარ იყიდნენ. 

გარდა ამისა, ნასიბ ჰასანოვის მიერ 2020 წლის აგვისტოში „კავკასუს ონლაინის“ 51%-იანი წლის უკანონო შეძენის შესახებ ინფორმაცია, საარბიტრაჟო სასამართლოში მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტებიდანაც დასტურდება. ნასიბ ჰასანოვმა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნა ჯერ კიდევ 49%-ის უკანონოდ შეძენამდე,  ზედმიწევნით კარგად იცოდა. აღნიშნულს  ადასტურებს ის ფაქტი, რომ „კავკასუს ონლაინის“ შეძენის პროცესში, 2019 წლის 18 იანვარს მან ყიდვის ხელშეკრულებით აიღო  ვალდებულება იმის შესახებ, რომ კანონის მოთხოვნებს შეასრულებდა და კომუნიკაციების კომისიისგან წილის შესაძენად საჭირო წინასწარ თანხმობას აიღებდა. აქვე საგულისხმოა, რომ ნასიბ ჰასანოვი საკუთარ განცხადებებს ეწინააღმდეგება, რადგან 2019-2020 წლებში ის თავადვე აცხადებდა, რომ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს არ იცნობდა. შესაბამისად, მის მიერ გაკეთებული განცხადებები, იმის შესახებ, რომ არ ჰქონდა ვალდებულება კომისიისთვის თანხმობის შესახებ მიემართა, შეუსაბამობებს და სიცრუეს შეიცავს. 

„კავკასუს ონლაინის“ 49%-ის უკანონოდ შეძენასთან დაკავშირებით, კომუნიკაციების კომისიამ ადმინისტრაციული წარმოება ჯერ კიდევ 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო. 2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის 1 ოქტომბრამდე კომისიამ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის „კავკასუს ონლაინს“ 6 სანქცია დააკისრა და 49%-იანი წილის უკანონო გასხვისების კანონიერ ფარგლებში დაბრუნებას ითხოვდა. მიუხედავად კომუნიკაციების კომისიის 6 გადაწყვეტილებისა, კომპანია ფინანსურ ჯარიმებს იხდიდა, მათ შორის სამჯერ აქვს გადახდილი 270 ათას ლარიანი ჯარიმა, მაგრამ წილებს  თავდაპირველ მდგომარეობაში არ აბრუნებდა.

კანონდარღვევების აღმოუფხვრელობის პარალელურად, „კავკასუს ონლაინმა“ კომუნიკაციების კომისიას“ 2020 წლის 13 ივნისს 51%-ის ყიდვის წინასწარი თანხმობის მოთხოვნით მიმართა, კომუნიკაციების კომისიამ  „კავკასუს ონლაინს“ დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვა. კომპანიას კომისიაში უნდა წარმოედგინა ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ განახლებული ინფორმაცია, სადაც გამოჩნდებოდა  აღასრულა თუ არა კომპანიამ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებები  და დაბრუნებული ჰქონდა თუ არა 49%-იანი წილი თავდაპირველ მდგომარეობაში. კომისიის მოთხოვნაზე, კომპანიამ კომუნიკაციების კომისიაში წარმოადგინა ამონაწერი, რომლის მიხედვითაც დგინდებოდა, რომ 49%-ის დაბრუნებასთან დაკავშირებით, კომუნიკაციების კომისიის მოთხოვნა კომპანიას არ შეუსრულებია. აღსანიშნავია, რომ  რაიმე ფორმით „კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარი მესაკუთრეების წილის შეძენასთან დაკავშირებული საკითხის  სრულყოფილი და  ჯეროვანი     განხილვა   შეუძლებელი იყო, რადგან  49% კანონდარღვევით ჰქონდათ  შეძენილი. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ უკანონო მოთხოვნის განხილვაზე, „კავკასუს ონლაინს“  უარი უთხრა.  რის შემდეგაც, ჰასანოვმა, როგორც უკვე თავად აღიარებს, კომუნიკაციების კომისიის უარისა და კანონის მოთხოვნის მიუხედავად, კანონდარღვევით შეიძინა 51%.

უფრო მეტიც,  ნასიბ ჰასანოვმა 100% შეძენის თაობაზე 2020 წლის 10 სექტემბერს  კომუნიკაციების კომისიას წინასწარი თანხმობის მიღების მიზნით ფორმალურად, მას შემდეგ მიმართა, რაც კომპანიის 51% 2020 წლის აგვისტოში უკვე უკანონოდ ჰქონდა შეძენილი. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ნასიბ ჰასანოვის კატეგორიულად მიუღებელ ქმედებას და ქართული კანონმდებლობის სრულ უგულებელყოფას.  

შეგახსენებთ, რომ ერთწლიანი ადმინისტრაციული წარმოების შემდეგ, კომუნიკაციების კომისია უფლებამოსილი იყო „კავკასუს  ონლაინისთვის“ ავტორიზაცია შეეჩერებინა. გამომდინარე იქიდან, რომ ავტორიზაციის შეჩერებით საქართველოში 2,5 მილიონი აბონენტი დარჩებოდა სატელეკომუნიკაციო სერვისების გარეშე, ამასთან საფრთხე შეექმნებოდა მეზობელი ქვეყნების მილიონობით აბონენტის ინტერნეტით უზრუნველყოფას, კომისიამ კომპანიას ავტორიზაცია არ გაუჩერა და „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი დანიშნა.

აქვე მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ უკვე მეორე წელია „კავკასუს ონლაინი“ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე საქმიანობას უკანონოდ გასხვისებული წილების პირობებში ახორციელებს. მნიშვნელოვანია, რომ უკანონო ტრანზაქციამ, შესაძლებელია საქართველოში რეგიონალური ტექნოლოგიური ჰაბის შექმნის კონტექსტში მოახდინოს ნეგატიური გავლენა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის ბენეფიციარ მესაკუთრეთა ცვლილების დროს, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მომსახურების მიწოდების სტრატეგიამ შესაძლოა განიცადოს მნიშვნელოვანი ცვლილებები და ქვეყნის სატელეკომუნიკაციო დარგის განვითარებისთვის შეუქცევადი, ნეგატიური შედეგები გამოიწვიოს. აღნიშნულ საფრთხეს კიდევ უფრო აღრმავებს ნასიბ ჰასანოვის წარმომადგენლის საჯარო და დაუფარავი აღიარება საქართველოს კანონმდებლობის განზრახ დარღვევის შესახებ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
თბილისი რიგით მეხუთე, საიუბილეო აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს

22 - 23 ოქტომბერი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით დედაქალაქი რიგით მეხუთე საიუბილეო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" უმასპინძლებს. წარმომადგენლობით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები: რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, ასევე რეგიონსმიღმა ქვეყნების დარგობრივი მინისტრები, წამყვანი გლობალური კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები. ფორუმს წელს 2000-მდე დელეგატი დაესწრება. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" უკვე დამკვიდრდა როგორც მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმა როგორც სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისთვის, ისე სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესს შორის მრავალმხრივი ურთიერთობებისთვის. ფორუმი ასევე მნიშვნელოვანი სადისკუსიო პლატფორმაა, სადაც განიხილება საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების, მათ შორის: „შუა დერეფნის" მარშრუტის როლი და მისი ფუნქციის შემდგომი განვითარების საკითხები, ასევე ახალი პროგრამები და პროექტები სხვადასხვა სექტორული მიმართულებებით. „აბრეშუმის გზის ფორუმის" მთავარი თემა და სლოგანი წელს იქნება: Invest in Connectivity – Grow in Stability. წელს ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ სადისკუსიო სესიებსა და პანელებს მოდერატორობას გაუწევენ მსოფლიოს წამყვანი მედიების ცნობილი, საერთაშორისოდ აღიარებული წარმომადგენლები. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" 22 ოქტომბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გაიხსნება. 22 ოქტომბერს გაიმართება 7 თემატური სესია: ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით. 22 ოქტომბერსვე ჩატარდება საინვესტიციო ფორუმი. 23 ოქტომბერს აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში შედგება თბილისის ფინანსური სამიტი, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში ფინტექის ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან, 22-23 ოქტომბერს ფორუმის მონაწილე სხვადასხვა დარგის კომპანიების წარმომადგენლები ორმხრივ ბიზნეს შეხვედრებს გამართავენ. ფორუმში მონაწილეობის მსურველთათვის, ასევე მედიის წარმომადგენლებისთვის სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია: https://www.tbilisisrf.gov.ge/

 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ