ინფლაციაზე ყველაზე მეტად ადგილობრივ ბაზარზე ბენზინისა და დიზელის გაძვირებამ იმოქმედა 31.03.2021 21:27

2021 წლის თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 3.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვართან შედარებით ფასები 1.1 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის თებერვლის თვის მიმოხილვაშია ნათქვამი. ეროვნული ბანკის ინფორმაიცით, თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის მატებაზე ყველაზე მეტად მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირების გამო ადგილობრივ ბაზარზე ბენზინისა და დიზელის გაძვირებამ იმოქმედა, ჯამში 0.3 პროცენტული პუნქტით.

„მზესუმზირის ზეთის, შაქრის და პურის გაძვირების წვლილმა თვის ინფლაციაში სათითაოდ 0.1 პპ შეადგინა. საპირისპიროდ, იმერული ყველის გაიაფებამ თვის ინფლაცია 0.2 პპ-ით შეამცირა. წლიურად სურსათი 6.0 პროცენტით იყო გაძვირებული. იანვრის 3.6 პროცენტიანი ინფლაციიდან სურსათზე 1.7 პპ მოდიოდა, საიდანაც მხოლოდ ზეთზე, შაქარზე, კვერცხზე და პურზე 1.0 პპ. კვლავ მაღალი იყო სიგარეტის წვლილი (0.3პპ). ავტომობილის სათანადარიგო ნაწილებზე, სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტებსა და ქორწინების ოქროს ბეჭედზე ფასების ზრდამ ინფლაციის მატებაზე ჯამში 0.6 პპ-ით იმოქმედა. ინფლაციის შემცირებაზე მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირება თებერვალში კვლავ მნიშვნელოვნად, 1.6 პპ-ით, მოქმედებდა, ამის გარდა, წლიური ინფლაციის შემცირებაზე ყველაზე დიდი გავლენა ბენზინის, დიზელის და გაზის საწვავის, (ჯამში 0.2 პპ-ით) და კარტოფილის გაიაფებას (0.2 პპ-ით) ჰქონდა. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, 6.3 პროცენტამდე გაიზარდა. მთლიან ინფლაციასა და საბაზო ინფლაციას შორის მნიშვნელოვანი სხვაობა მეტწილად ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადასახადის ზემოთხსენებულ სუბსიდირებას უკავშირდება. ასევე სახეზეა წინა პერიოდებში გაცვლითი კურსის გაუფასურების ეფექტი”, - ნათქვამია ინფორმაციაშია.

ამავე ინფორმაციის თანახმად, თებერვალში წლიურმა ინფლაციამ იმპორტირებულ საქონელზე 3.6 პროცენტი, ხოლო ადგილობრივად წარმოებულ საქონელზე 3.2 პროცენტი შეადგინა. შერეული საქონელი 4.5 პროცენტით გაძვირდა.

„2020 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ხანმოკლე და ხანგრძლივი მოხმარების საქონელი შესაბამისად, 1.4 და 2.0 პროცენტით გაძვირდა. მომსახურებაზე ფასებმა 0.8 პროცენტით მოიმატა. საშუალო ხანგრძლივობის მოხმარების საქონელზე ფასები 1.4 პროცენტით შემცირდა.

წლიური მაჩვენებლების მიხედვით, ხანმოკლე, საშუალო და ხანგრძლივი მოხმარების საქონელი შესაბამისად, 3.2, 8.2, 11.8 პროცენტით გაძვირდა. მომსახურებაზე ფასებმა 1.9 პროცენტით მოიმატა”, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიმოხილვაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
თბილისი რიგით მეხუთე, საიუბილეო აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს

22 - 23 ოქტომბერი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით დედაქალაქი რიგით მეხუთე საიუბილეო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" უმასპინძლებს. წარმომადგენლობით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები: რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, ასევე რეგიონსმიღმა ქვეყნების დარგობრივი მინისტრები, წამყვანი გლობალური კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები. ფორუმს წელს 2000-მდე დელეგატი დაესწრება. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" უკვე დამკვიდრდა როგორც მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმა როგორც სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისთვის, ისე სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესს შორის მრავალმხრივი ურთიერთობებისთვის. ფორუმი ასევე მნიშვნელოვანი სადისკუსიო პლატფორმაა, სადაც განიხილება საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების, მათ შორის: „შუა დერეფნის" მარშრუტის როლი და მისი ფუნქციის შემდგომი განვითარების საკითხები, ასევე ახალი პროგრამები და პროექტები სხვადასხვა სექტორული მიმართულებებით. „აბრეშუმის გზის ფორუმის" მთავარი თემა და სლოგანი წელს იქნება: Invest in Connectivity – Grow in Stability. წელს ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ სადისკუსიო სესიებსა და პანელებს მოდერატორობას გაუწევენ მსოფლიოს წამყვანი მედიების ცნობილი, საერთაშორისოდ აღიარებული წარმომადგენლები. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" 22 ოქტომბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გაიხსნება. 22 ოქტომბერს გაიმართება 7 თემატური სესია: ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით. 22 ოქტომბერსვე ჩატარდება საინვესტიციო ფორუმი. 23 ოქტომბერს აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში შედგება თბილისის ფინანსური სამიტი, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში ფინტექის ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან, 22-23 ოქტომბერს ფორუმის მონაწილე სხვადასხვა დარგის კომპანიების წარმომადგენლები ორმხრივ ბიზნეს შეხვედრებს გამართავენ. ფორუმში მონაწილეობის მსურველთათვის, ასევე მედიის წარმომადგენლებისთვის სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია: https://www.tbilisisrf.gov.ge/

 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ