როდიდან უნდა ველოდოთ პროდუქტებზე ფასების შემცირებას - ფინანსისტის ანალიზი 07.06.2021 17:19

 

ეროვნული ვალუტის კურსი უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში მნიშვნელოვნად დასტაბილურდა. ამ დროისთვის, ლარის კურსი 3.5-ინი ნიშნულიდან 3.1-იან ნიშნულამდე ჩამოვიდა. 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.07 ლარს შეადგენს. 2020 წლის 4 სექტემბრის შემდგომ, ერთი დოლარის ფასი ასეთი დაბალი ჯერ არ ყოფილა. 


ამასთან, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით,  ნავარაუდები 3.5%-იანი ეკონომიკური ზრდა 6.5%-მდე გაიზარდა, რაც ლარის კურსზეც აისახება და მომდევნო პერიოდი უფრო სტაბილური იქნება.


რა ფაქტორებმა განაპირობა ლარის დასტაბილურება, როგორ აისახება პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ლარის სამომავლო კურსზე და უნდა ველოდოთ თუ არა ეროვნული ვალუტის გამყარების შემდეგ პროდუქტზე ფასების კლებას - ამ საკითხებზე "ჯორჯიან თაიმსი" ფინანსისტ გიორგი კეპულაძეს ესაუბრა. 


გიორგი კეპულაძის განცხადებით, ლარის კურსის დასტაბილურება პოზიტიურმა მოლოდინებმა გამოიწვია, რაც გარკვეული შეზღუდვების მოხსნას უკავშირდება. მისივე თქმით, თუ აღნიშნული მოლოდინები არ გამართლდება, ლარის გამყარება დიდხანს ვერ გაგრძელდება. 


"ზუსტი ფაქტორების დადგენა რთულია, რადგან, ჩვენ არ გვაქვს სტატისტიკური ინფორმაცია, როგორი იყო მაკროეკონომიკური ფაქტორები ამ პერიოდში. არ ვიცი, როგორი იყო ექსპორტი, იმპორტი, ტურიზმიდან შემოსავალი, გზავნილები და ა.შ. რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ გარკვეული პოზიტიური მოლოდინები გაჩნდა და ამ მოლოდინებმა ლარის გამყარებაში თავისი წვლილი შეიტანა. 


ეროვნულ ვალუტას მოკლევადიანი მერყეობა მაშინ ახასიათებს, როდესაც სწრაფი გამყარება, ან სწრაფი გაუფასურება ხდება. შესაბამისად, ეს ძირითადად ამ პოზიტიური მოლოდინებით იყო გამოწვეული, რაც მოჰყვა სახმელეთო საზღვრების გახსნას, კომენდანტის საათის შემცირებას და სხვა შეზღუდვების მოხსნას. თუმცა, ამ მოლოდინს უნდა მოჰყვეს სტაბილური მაკროეკონომიკური გაუმჯობესება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლარი,მოლოდინებით გამყარებულად დარჩება, რომელიც დიდხანს ვერ გაჩერდება,"- აცხადებს გიორგი კეპულაძე.


საკმარისია თუ არა ეს მოლოდინები კურსის გამყარებისთვის? როგორც ფინანსისტი ამბობს, მხოლოდ მოლოდინები საკმარისი არ არის და საჭიროა, ამ მოლოდინებს შესაბამისი ეკონომიკური ფაქტორებიც დაემატოს. მისივე თქმით, თუ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება და ტურიზმი გარკვეულწილად მაინც აღდგება, მაშინ შესაძლებელია, რომ ლარის კურსიც დასტაბილურდეს.


კითხვაზე, შემცირდება თუ არა პროდუქტებზე ფასები ლარის დასტაბილურების შემდეგ, კეპულაძე აცხადებს, რომ ფასების ცვლილება მომავალშიც ლარის შემდგომ კურსზე იქნება დამოკიდებული. 


"ლარის კურსის გაუფასურება ყოველთვის იწვევს იმპორტირებულ პროდუქტზე ფასების ზრდას. შესაბამისად, იმისთვის, რომ ფასები დაიწიოს, საჭიროა, კურსი დასტაბილურდეს, რათა ფასების ზედმეტი ზრდა თავიდან ავირიდოთ. დაბრუნდება თუ არა ფასები უკეთეს ნიშნულზე,ეს დამოკიდებული იქნება, როგორი იქნება ლარის კურსი,"- აცხადებს გიორგი კეპულაძე.


ფინანსისტის თქმით, მომდევნო თვეებში ვიხილავთ, გაამართლებს თუ არა ხელისუფლების მოლოდინები, რაც, შესაძლოა, ეკონომიური სტაბილურობის საფუძველიც გახდეს.


/თათია შაიშმელაშვილი/

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
თბილისი რიგით მეხუთე, საიუბილეო აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს

22 - 23 ოქტომბერი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით დედაქალაქი რიგით მეხუთე საიუბილეო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" უმასპინძლებს. წარმომადგენლობით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები: რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, ასევე რეგიონსმიღმა ქვეყნების დარგობრივი მინისტრები, წამყვანი გლობალური კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები. ფორუმს წელს 2000-მდე დელეგატი დაესწრება. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" უკვე დამკვიდრდა როგორც მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმა როგორც სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისთვის, ისე სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესს შორის მრავალმხრივი ურთიერთობებისთვის. ფორუმი ასევე მნიშვნელოვანი სადისკუსიო პლატფორმაა, სადაც განიხილება საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების, მათ შორის: „შუა დერეფნის" მარშრუტის როლი და მისი ფუნქციის შემდგომი განვითარების საკითხები, ასევე ახალი პროგრამები და პროექტები სხვადასხვა სექტორული მიმართულებებით. „აბრეშუმის გზის ფორუმის" მთავარი თემა და სლოგანი წელს იქნება: Invest in Connectivity – Grow in Stability. წელს ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ სადისკუსიო სესიებსა და პანელებს მოდერატორობას გაუწევენ მსოფლიოს წამყვანი მედიების ცნობილი, საერთაშორისოდ აღიარებული წარმომადგენლები. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" 22 ოქტომბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გაიხსნება. 22 ოქტომბერს გაიმართება 7 თემატური სესია: ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით. 22 ოქტომბერსვე ჩატარდება საინვესტიციო ფორუმი. 23 ოქტომბერს აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში შედგება თბილისის ფინანსური სამიტი, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში ფინტექის ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან, 22-23 ოქტომბერს ფორუმის მონაწილე სხვადასხვა დარგის კომპანიების წარმომადგენლები ორმხრივ ბიზნეს შეხვედრებს გამართავენ. ფორუმში მონაწილეობის მსურველთათვის, ასევე მედიის წარმომადგენლებისთვის სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია: https://www.tbilisisrf.gov.ge/

 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ