ეს იყო ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა და დავინახეთ, რომ „ნამახვანი ჰესთან" დაკავშირებით მხარეებს შორის არსებობს შეხების წერტილები - დავით თვალაბეიშვილი 12.06.2021 21:20

 

 

 

„ეს იყო ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა - პირველი შეხვედრა, სადაც მხარეები ნამახვანი ჰესის პროექტთან დაკავშირებით ერთმანეთს შეხვდნენ და დავინახეთ, რომ არსებობს შეხების წერტილები, არსებობს საკითხები, რომლებზეც შეგვიძლია საუბარი", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადილემ, დავით თვალაბეიშვილმა დღეს ვროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის მიერ ნამახვანი ჰესის პროექტთან დაკავშირებით გამართული მედიაციის პირველი შეხვედრის კომენტირებისას.

 

როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ეს იყო პირველი შეხვედრა და შესაბამისად, არ იყო იმის მოლოდინი, რომ ყველა საკითხი გადაწყდებოდა, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ გამოიკვეთა ის საკითხები, რომლებზეც მხარეები შემდგომში იმუშავებენ.

 

„მთავარი რაც დღეს მოხდა, ისაა, რომ გამოიკვეთა ის საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც შემდეგ ჩვენ მოგვიწევს კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში. საუბარი იყო დამატებით შესწავლებზე, რომლებიც უნდა ჩატარდეს - გარემოსდაცვით, კომერციულ შესწავლებზე - რომლებიც ამ პროექტთან დაკავშირებით ჩატარდება და დავინახავთ, თუ რა გავლენა აქვს ამ პროექტს, ან აქვს თუ არა მას საერთოდ გავლენა სხვადასხვა მიმართულებით. ანუ, უნდა მოხდეს სხვადასხვა საპროექტო დოკუმენტაციის დამატებითი შესწავლები დამოუკიდებელი მხარეების მიერ", - განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.

 

ამასთან, როგორც დავით თვალაბეიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტრო თვლის, რომ ნამახვანი ჰესი არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოსთვის, ის უზრუნველყოფს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და უწყების პოზიციაა, რომ ჩატარებულია ყველანაირი კვლევები, ყველანაირი შესწავლები - ჰესი იქნება უსაფრთხო და აქედან გამომდინარე, ის უნდა აშენდეს.

 

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, პროექტის ოპონენტ მხარეებს შორის დღეს კონსტრუქციული საუბარი შედგა რიონის ხეობაში ვითარების დეესკალაციის და ამისთვის საჭირო ქმედებების შესახებ. „გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მომავალი კვირის ბოლოსთვის ჩვენ ეს საკითხი უნდა დავსვათ - ჩვენ ვართ ეკონომიკის სამინისტრო, არ ვართ შინაგან საქმეთა სამინისტრო, მაგრამ ამ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, განვიხილავთ ყველა შესაბამის უწყებასთან. დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ეს მოხდება და ასევე მოხდება ის, რომ ის ხალხი, ვინც იქ მუშაობს - „ენკას" თანამშრომლები და ტექნიკა გააგრძელებენ  უპრობლემოდ მუშაობას", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 

რაც შეეხება კომპანია „ენკას" მიერ წარმოებული სამუშაოების შეჩერების საკითხს, როგორც ამას ჰესის მშენებლობის მოწინაამდეგე მხარე ითხოვს, დავით თვალაბეიშვილის ინფორმაციით, შეხვედრაზე ეს საკითხიც იქნა განხილული და მას მომავალ შეხვედრებზეც დაუბრუნდებიან.

 

„ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი იყო პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სამუშაოების შეჩერება გამოიწვევს პროექტის გაჩერებას საერთოდ და აქედან გამომდინარე, ეს დაკავშირებულია სხვადასხვა უმართავ პროცესთან. საუბარია იმაზე, რომ კომპანიას გააჩნია ყველა ლეგიტიმური უფლება, აწარმოოს სამუშაოები, მაგრამ ჩვენ ამ თემას დავუბრუნდებით მომავალში და განვიხილავთ მეორე მხარესთან ერთად. ჩვენ ველით, რომ მომავალ შეხვედრებში, განხილვებში ასევე მონაწილეობას მიიღებს კომპანია „ენკა" სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
თბილისი რიგით მეხუთე, საიუბილეო აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს

22 - 23 ოქტომბერი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით დედაქალაქი რიგით მეხუთე საიუბილეო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" უმასპინძლებს. წარმომადგენლობით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები: რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, ასევე რეგიონსმიღმა ქვეყნების დარგობრივი მინისტრები, წამყვანი გლობალური კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები. ფორუმს წელს 2000-მდე დელეგატი დაესწრება. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" უკვე დამკვიდრდა როგორც მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმა როგორც სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისთვის, ისე სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესს შორის მრავალმხრივი ურთიერთობებისთვის. ფორუმი ასევე მნიშვნელოვანი სადისკუსიო პლატფორმაა, სადაც განიხილება საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების, მათ შორის: „შუა დერეფნის" მარშრუტის როლი და მისი ფუნქციის შემდგომი განვითარების საკითხები, ასევე ახალი პროგრამები და პროექტები სხვადასხვა სექტორული მიმართულებებით. „აბრეშუმის გზის ფორუმის" მთავარი თემა და სლოგანი წელს იქნება: Invest in Connectivity – Grow in Stability. წელს ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ სადისკუსიო სესიებსა და პანელებს მოდერატორობას გაუწევენ მსოფლიოს წამყვანი მედიების ცნობილი, საერთაშორისოდ აღიარებული წარმომადგენლები. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" 22 ოქტომბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გაიხსნება. 22 ოქტომბერს გაიმართება 7 თემატური სესია: ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით. 22 ოქტომბერსვე ჩატარდება საინვესტიციო ფორუმი. 23 ოქტომბერს აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში შედგება თბილისის ფინანსური სამიტი, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში ფინტექის ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან, 22-23 ოქტომბერს ფორუმის მონაწილე სხვადასხვა დარგის კომპანიების წარმომადგენლები ორმხრივ ბიზნეს შეხვედრებს გამართავენ. ფორუმში მონაწილეობის მსურველთათვის, ასევე მედიის წარმომადგენლებისთვის სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია: https://www.tbilisisrf.gov.ge/

 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ