ბევრი მტკიცებულება არსებობს, რათა ვისაუბროთ „ნაციონალური მოძრაობის“ თუ მასთან ალიანსში მყოფი სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციის ანტიკონსტიტუციურ საქმიანობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ უნდა გამოიყენოს დემოკრატიული ინსტრუმენტები ანტიდემოკრატიული საქმიანობის ფარად.
„საქმე იმაში არ არის, ამა თუ იმ პარტიას რა დასახელება აქვს. საქმე მთავარ არსშია. ნებისმიერ დემოკრატიაში არცერთმა ორგანიზაციამ, პოლიტიკურმა პარტიამ არ უნდა გამოიყენოს დემოკრატიული ინსტრუმენტები ანტიდემოკრატიული საქმიანობის ფარად. თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის მთელი კონცეფცია იმაში მდგომარეობს, რომ დემოკრატიული ინსტრუმენტები და დემოკრატიული პროცესები ანტიკონსტიტუციური საქმიანობის გარკვეული ჩარჩო არ უნდა იყოს. შესაბამისად, ჩვენი სარჩელი მთლიანად ამ პრინციპს ეყრდნობა. პარლამენტში საგამოძიებო კომისიის მრავალთვიანი მოკვლევა ჩატარდა, 450-გვერდიანი ანგარიში შედგა და აღწერილია სხვადასხვა პარტიის თუ ინდივიდის პოლიტიკური დანაშაული ჩვენი კონსტიტუციის წინააღმდეგ. ამიტომ სარჩელი აწყობილია ამ მტკიცებულებებსა და საფუძვლებზე. ამ სარჩელში, თავისთავად, „ნაციონალური მოძრაობა“ იგულისხმება, რადგან როგორც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ისე შემდეგ, მოქალაქეები ხედავენ, რა სახის დანაშაულებრივ ქმედებებს ჩადის, მათ შორის საქართველოს კანონმდებლობის წინააღმდეგ. ეს მხოლოდ ჩვენი დასკვნა არ არის. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს, რომლითაც ოჩიგავას საქმეში საქართველოს წინააღმდეგ დადასტურებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამების სისტემა იყო შექმნილი. ბევრი მტკიცებულება არსებობს, რათა ვისაუბროთ „ნაციონალური მოძრაობის“ თუ მასთან ალიანსში მყოფი სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციის ანტიკონსტიტუციურ საქმიანობაზე. კონკრეტულად, ვისთან დაკავშირებით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს ცნობილი გახდება სარჩელის შემდეგ. თავისთავად, პარტია ადამიანების გარეშე არ მოქმედებს. სამართლებრივი მანტია, რითიც ადამიანები მოქმედებენ, მხოლოდ ინსტრუმენტებია ინდივიდების პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ამიტომ, როცა პარტიის ანტიკონსტიტუციურობაზე ვსაუბრობთ, აქ იგულისხმება, რომ ის ადამიანები, რომელთაც არსებითი გავლენა ჰქონდათ პარტიის გადაწყვეტილების მიღებაზე და მოკავშირე იყვნენ ანტიკონსტიტუციური მიზნების მიღწევაში, იგულისხმებიან როგორც ანტიკონსტიტუციური ქმედებების მონაწილენი. ამიტომ ლოგიკა შემდეგია – ყველა ინდივიდი, ვისაც არსებითი გავლენა ჰქონდა ამ ორგანიზაციების მიერ კონსტიტუციის წინააღმდეგ ქმედებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაში და ვისაც არსებითი კავშირი, ალიანსი ჰქონდა ამ ორგანიზაციებთან, რათა წინასწარი განზრახვით ანტიკონსტიტუციური მიზნები განეხორციელებინათ, მოაზრებულია იმ სავარაუდო პირებში, ვინც ჩვენს სარჩელში იქნებიან. საბოლოო გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ამომრჩევლის წინაშე „ქართული ოცნების“ ვალდებულებაა, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართოს.
„საპარლამენტო არჩევნებში მილიონ 120 ათასმა ადამიანმა მანდატი მოგვცა და ვალდებულება დაგვაკისრა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიგვემართა. ამ სარჩელით შევდივართ მილიონ 120 ათასი მოქალაქის სახელით. ჩვენი მიზანი ერთია – დემოკრატიამ დემოკრატიის მტრებისგან საკუთარი თავი უნდა დაიცვას. ეს არის მთავარი არსი. სხვანაირად დემოკრატია ვერ გადარჩება. სწორედ ამ მიზნის შესასრულებლად საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავთ. კონსტიტუციისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ვინც მოქმედებს და მათი განზრახვაა, რომ ომის პროპაგანდა იყოს, ყველა ეს ორგანიზაცია მოქმედებს ქვეყნის კონსტიტუციის წინააღმდეგ და უნდა ელოდოს, რომ სარჩელის ობიექტები იქნებიან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, – „საკონსტიტუციო სასამართლო „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ აკრძალავს, გაქრებიან თუ არა ოპოზიციური პარტიები ქართული პოლიტიკიდან?“ – პაპუაშვილმა აღნიშნა:
„დემოკრატიულ პროცესებში დემოკრატიის მტრები როცა არ იქნებიან შემოჭრილი, ეს დემოკრატიულ პროცესს მხოლოდ გააჯანსაღებს და ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს, ამოისუნთქოს მუდმივი მცდელობისგან, ძირი გამოუთხარონ ქართველი ხალხის ნებას, მის დემოკრატიას, სუვერენიტეტს. ეს მექანიზმები სწორედ ამიტომ არსებობს. კონსტიტუციაში შესაბამისი მექანიზმი იმიტომ არ არის ჩაწერილი, რომ მხოლოდ თეორიულად ისწავლებოდეს უნივერსიტეტებში. ეს არის პრაქტიკული მექანიზმი, ინსტრუმენტი და იარაღი დემოკრატიის ხელში, რათა თავი დაიცვას დემოკრატიის მტრებისგან“.
ავტორ(ებ)ი :