საქართველოში გერმანიის ელჩის საქმიანობით ბუნდესტაგის წევრები ინტერესდებიან. ფრაქცია "ალტერნატივა გერმანიისთვის" წარმომადგენლები იკვლევენ - შეესაბამება თუ არა გერმანელი დიპლომატის ქცევა ვენის კონვენციას და ამის გასარკვევად კონკრეტულ კითხვებს სვამენ.
ამ კითხვებზე პასუხებს ფრაქცია "ალტერნატივა გერმანიისთვის" მისივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ელოდება. დოკუმენტი საგარეო უწყებისთვის გადაგზავნილია. პეტერ ფიშერის სადავო აქტივობებზე კითხვის ნიშნები რომ უკვე გერმანიაშიც გაჩნდა, არ გაჰკვირვებიათ საქართველოში.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გაგზავნილ შეკითხვებში ერთ-ერთი მთავარი, პეტერ ფიშერისა და მამუკა ხაზარაძის კავშირს ეხება. ფედერალურმა მთავრობამ უნდა განმარტოს, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ინფორმაცია, რომ გერმანელმა დიპლომატმა უძრავი ქონება ოპოზიციის ლიდერის მეუღლის საკუთრებაში არსებული ქონებიდან იქირავა. სწორედ ამ ფართის გამო გაეხვა სკანდალში პეტერ ფიშერი.
რამდენიმე თვის წინ გაირკვა, რომ ხაზარაძის ოჯახმა ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა ბიუჯეტში არ გადაიხადა, ინფორმაციის მედიაში გავრცელების შემდეგ კი დავალიანების აღიარება და მისი განულება მოუწიათ. გერმანელი დიპლომატისა და ხაზარაძის ოჯახის კომერციულ ურთიერთობას "ლელოში" პრობლემად არ აღიქვამენ.
"ლელოს" მსგავსად, საქართველოში გერმანიის ელჩის საქმიანობაზე კითხვები არც "ნაციონალურ მოძრაობაში" აქვთ, სადაც დიპლომატს მხარდაჭერისთვის და აქტიურობისთვის მადლობას უხდიან.
სახელისუფლებო გუნდის ლიდერების განცხადებით, გერმანიის ელჩის ქმედებები ხშირად დიპლომატიური ეტიკეტის დარღვევაა. პეტერ ფიშერს სამთავრობო გუნდი ვენის კონვენციის დარღვევასა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობაში ადანაშაულებს.
საქართველოში გერმანიის ელჩის საქმიანობის შესწავლის მიზნით, "ალტერნატივა გერმანიისთვის" წევრებმა ფედერალურ მთავრობას კითხვებით 8 ოქტომბერს მიმართეს. ბუნდესტაგის ფრაქციის წევრებთან ერთად გერმანიის საგარეო უწყების რეაგირებას ელოდებიან საქართველოშიც.
ავტორ(ებ)ი :