დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ევროპა მზადაა, უკრაინაში ჯარები განალაგოს, თუ ტრამპი და პუტინი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდებიან 21.10.2025 18:04

 

 

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ განაცხადა, რომ ევროპელი ჯარები „მზად არიან, განლაგდნენ“ უკრაინაში მომდევნო კვირების განმავლობაში, თუ დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდებიან. ამის შესახებ BBC წერს. 

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ჯარების განლაგება, თუ შეთანხმება მომდევნო ორი კვირის განმავლობაში იქნება მიღწეული, ჰილიმ უპასუხა: „თუ პრეზიდენტი ტრამპი შეძლებს მშვიდობის დამყარებას, მაშინ ჩვენ მზად ვიქნებით, ხელი შევუწყოთ ამ მშვიდობის უზრუნველყოფას“.

მან დასძინა, რომ უკრაინელები უნდა იყვნენ „ის ხალხი, რომელიც გადაწყვეტს, თუ როგორ და რაზე“ უნდა აწარმოონ მოლაპარაკებები ნებისმიერ სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

მან განაცხადა, რომ „მსურველთა კოალიციის“ წევრები - 26 ევროპული ქვეყნის ალიანსი, რომელიც მარტში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სერ კირ სტარმერმა უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დააარსა - „შეიმუშავებენ დეტალურ გეგმებს, ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში“.

გეგმების თანახმად, ბრიტანული ჯარები შესაძლოა, შეუერთდნენ მრავალეროვნულ ძალებს უკრაინის საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. „ბოლო ექვსი თვის განმავლობაში 38-ზე მეტი ქვეყნის 200-ზე მეტი სამხედრო დამგეგმავის“ მუშაობამ უზრუნველყო, რომ ჯარები მზად იყვნენ განლაგებისთვის საჭიროების შემთხვევაში, განაცხადა ჰილიმ.

მისივე თქმით, მთავრობა უკრაინაში ჯარების გაგზავნისთვის 100 მილიონ ფუნტ სტერლინგზე „გაცილებით მეტის“ დახარჯვას ვარაუდობდა და თანხების ნაწილი უკვე გამოიყენება განლაგებისთვის მოსამზადებლად.

მან ასევე განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი დიდ ბრიტანეთს თავის „ნომერ პირველ მტრად“ მიიჩნევს უკრაინისადმი ქვეყნის მხარდაჭერის გამო. თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა „საფრთხეების ახალი ეპოქის“ შესახებ და აღნიშნა, რომ ევროპაში უფრო ფართო კონფლიქტის რისკი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ისეთი დიდი არ ყოფილა.

ჰილიმ ასევე განაცხადა, რომ ბრიტანელ ჯარისკაცებს მიენიჭებათ ახალი უფლებამოსილებები, რათა სამხედრო ბაზებისთვის საფრთხის შემცველი დრონები ჩამოაგდონ.

მისი თქმით, რუსეთმა მილიონზე მეტი ადამიანი დაკარგა და სახელმწიფო ხარჯების 40% სამხედრო საჭიროებებზე დახარჯა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ