29.10.2025 19:09
ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობა ადასტურებს, რომ არსებობს ევროპული ქვეყნებიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის დისლოცირების შეცვლის გეგმები.
როგორც სარდლობის განცხადებაშია ნათქვამი, 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის მეორე საბრძოლო ბრიგადის გადაყვანა მოხდება კენტუკის შტატში არსებულ ბაზაზე თავდაცვის მდივნის მიერ ინიციირებული მიზანმიმართული პროცესის ფარგლებში, რომლის მიზანია, აშშ-ის შეიარაღებული ძალების დაბალანსებული განლაგება.
„ეს არ ნიშნავს ევროპიდან ამერიკის ძალების გაყვანას ან ნატო-სადმი და მეხუთე მუხლისადმი ვალდებულების შესუსტებას. ეს არის ევროპის გაზრდილი შესაძლებლობისა და პასუხისმგებლობის პოზიტიური ნიშანი. ჩვენი ნატოელი მოკავშირეები პასუხობენ პრეზიდენტ ტრამპის მოწოდებას, აიღონ ძირითადი პასუხისმგებლობა ევროპის კონვენციურ თავდაცვაზე. ძალების განლაგების ეს ცვლილება არ შეცვლის ევროპაში უსაფრთხოების გარემოს“, – ნათქვამია ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ ინარჩუნებს ძლიერ სამხედრო წარმომადგენლობას ევროპაში და ინარჩუნებს უნარს, გადააჯგუფოს ძალები და შესაძლებლობები მიზნების მისაღწევად და აშშ-ის პრიორიტეტების მხარდასაჭერად, მათ შორის ნატო-ს მოკავშირეების დაცვის შესახებ პრეზიდენტ ტრამპის ვალდებულების.
მანამდე, რუმინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, უნგრეთიდან და სლოვაკეთიდან ჯარების მნიშვნელოვან ნაწილს გაიყვანს. აღნიშნული ინფორმაცია მოგვიანებით რუმინეთის თავდაცვის სამინისტროშიც დაადასტურეს.
ავტორ(ებ)ი :