,,ბრიუსელისთვის მიუღებელია, რომ სერბეთი არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და აქციების ორგანიზებაში ევროკავშირს სდებს ბრალს''- მარტა კოსი 04.11.2025 20:58

ჩვენ არ ვადგენთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების რეიტინგს, ჩვენ ვაფასებთ მათ მიერ ერთი წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა „ევრონიუსის“ ინიციატივით მოწყობილ „ევროკავშირის გაფართოების სამიტზე“ ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

„დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში რასაც ვხედავთ, არის პროგრესის გაზომვა, ერთი წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესისა და ამ ქვეყნების ევროკავშირის წევრობისთვის მზაობისა. გარკვეული თვალსაზრისით, სერბეთი უფრო მეტად არის მზად, ვიდრე უკრაინა, მოლდოვა, მონტენეგრო და ალბანეთი, თუმცა სერბეთში არ ყოფილა პროგრესი და ჩვენ უკუსვლაც ვნახეთ. სწორედ ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. შეიძლება, ქვეყანა გარკვეული თვალსაზრისით, გაფართოების მოლაპარაკებების ზოგიერთ სფეროში უფრო წინ იყოს, ვიდრე სხვები, მაგრამ ჩვენ უნდა ვნახოთ პროგრესი. განსაკუთრებით კანონის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლის, მედიის თავისუფლების, აკადემიური თავისუფლების სფეროში. და ჩემ მიერ ჩამოთვლილ სამ სფეროში სერბეთში უკუსვლა იყო, თუმცა მიუხედავად ამისა, მე ხელს ვუწვდი სერბეთს და ვეუბნები. რომ ჩვენ გვინდა, ვიხილოთ დემოკრატიული სერბეთი ევროკავშირში. მე მიხარია, რომ პროტესტებმა, რომლებიც სერბეთში იმართება უკვე ერთი წელია, აჩვენა, რომ არსებობს დემოკრატიული პოტენციალი, ხალხს სურს დემოკრატიის გზაზე სიარული და ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ“, – განაცხადა კოსმა.

სერბეთის გაწევრიანების პროცესზე საუბრისას, ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ბრიუსელისთვის მიუღებელია, რომ სერბეთი არ უერთდება ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და სერბეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ორგანიზებაში ევროკავშირს სდებს ბრალს.

„იმ რეჟიმის მხარდაჭერა, რომელიც უკრაინაში ხალხს კლავს, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე უარის თქმა – ეს ის რაღაცებია, რასაც რეალურად, მეტად ვეღარ შევეგუებით. კიდევ ერთი რამ, რაც ასევე არაა კარგი და ეს ნახსენებია ანგარიშში, სერბმა პოლიტიკოსებმა და მედიამ უნდა შეწყვიტონ ბრალდებები, რომ სერბეთში საპროტესტო აქციების უკან ევროკავშირი დგას“, – განაცხადა კოსმა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ