08.11.2025 23:46
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ბირთვული ცდების განახლებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე მოსკოვს ვაშინგტონისგან ახსნა-განმარტება დიპლომატიური არხებით არ მიუღია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
მისი თქმით, გაურკვეველია, კონკრეტულად, რას გულისხმობდა დონალდ ტრამპი ბირთვული ცდების განახლებაზე საუბრისას.
„გაურკვეველია, საუბარი ეხებოდა ბირთვული იარაღის მატარებლის ცდებს, ე.წ. სუბკრიტიკულ გამოცდას, თუ დონალდ ტრამპი რეალურად საუბრობდა ვაშინგტონის განზრახვაზე, განაახლოს სრულმასშტაბიანი ბირთვული ცდები. ვაშინგტონის ოფიციალური პირების კომენტარები, რომლებიც საჯაროდ გამოქვეყნდა, მიუთითებს, რომ არ აქვთ საერთო აზრი, თუ რას გულისხმობდა აშშ-ის პრეზიდენტი“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეიარაღებულ ძალებს დაავალა, დაუყოვნებლივ განაახლონ ბირთვული იარაღის ცდის პროცესი 33-წლიანი პაუზის შემდეგ. ტრამპს არ დაუკონკრეტებია, მოიცავს თუ არა ეს მიწისქვეშა ბირთვულ გამოცდებსაც. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ამას სხვა ქვეყნები თუ აკეთებენ, ამას შეერთებული შტატებიც გააკეთებს.
აშშ-ის პრეზიდენტის ბრძანებას წინ უძღოდა რუსეთის მიერ რაკეტა „ბურევესტნიკის“ გამოცდა, რომელსაც ბირთვული ძრავა აქვს.
ავტორ(ებ)ი :