,,ბირთვული ცდების ტექნიკური აუცილებლობა არ არსებობს'' - სერგეი ლავროვი 11.11.2025 21:27

ბირთვული ცდების ტექნიკური აუცილებლობა არ არსებობს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბირთვული ცდები თუ გეოპოლიტიკური მიზანით გამოიყენება, შემაშფოთებელია.

„რობერტ კადლეკმა (ბირთვული შეკავების, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის პოლიტიკისა და პროგრამების საკითხებში თავდაცვის მდივნის თანაშემწის თანამდებობაზე ტრაპის მიერ წარდგენილი კანდიდატი) განაცხადა, რომ ტრამპის გადაწყვეტილება, ვციტირებ: „ბირთვული ცდების განახლების შესახებ გეოპოლიტიკური მიზეზებით იყო განპირობებული და ამის ტექნიკური აუცილებლობა ჯერ კიდევ არ არსებობს“. ეს ძალიან ძლიერი განცხადებაა. არ ვიცი, აცნობიერებს თუ არა განცხადების ავტორი საკუთარი სიტყვების სერიოზულობას, მაგრამ ჩვენ ეს შემდეგნაირად უნდა გავიგოთ: ასეთი ტიპის ცდების ტექნიკური აუცილებლობა არ არსებობს. და რა შეიძლება იყოს აშშ-ის გეოპოლიტიკური მიზანი? დომინირება. ბირთვული ფაქტორი თუ ამ მიზნით გამოიყენება, ეს შემაშფოთებელია. ეს არის მნიშვნელოვანი გადახვევა რეიგანისა და გორბაჩოვის მიერ შეთანხმებული კონცეფციიდან“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

როგორც ლავროვმა აღნიშნა, რუსეთის პრინციპული პოზიციაა, რომ რომელიმე ბირთვული ძალა თუ ბირთვულ ცდებს ჩაატარებს, რუსეთიც იმავეს გააკეთებს.

„ჩვენი პრინციპული პოზიცია რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ორი წლის წინ, 2023 წელს დააფიქსირა. ერთ-ერთი მიმართვის დროს, შესაბამის კითხვაზე პასუხის გაცემისას მან აღნიშნა, თუ რომელიმე ბირთვული ძალა ბირთვულ ცდებს ჩაატარებს და არა ე.წ. სუბკრიტიკულ გამოცდას – რუსეთიც იმავეს გააკეთებს“, – აღნიშნა ლავროვმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეიარაღებულ ძალებს დაავალა, დაუყოვნებლივ განაახლონ ბირთვული იარაღის გამოცდის პროცესი 33-წლიანი პაუზის შემდეგ. ტრამპს არ დაუკონკრეტებია, მოიცავს თუ არა ეს მიწისქვეშა ბირთვულ გამოცდებსაც. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, ამას სხვა ქვეყნები თუ აკეთებენ, შეერთებული შტატებიც გააკეთებს. აშშ-ის პრეზიდენტის ბრძანებას წინ უძღოდა რუსეთის მიერ რაკეტა „ბურევესტნიკის“ გამოცდა, რომელსაც ბირთვული ძრავა აქვს.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ