ჩვენი თვითმფრინავის შავი ყუთი ნაპოვნია და გამოძიება დაწყებულია, საქართველოს ხელისუფლება პროცესში მაქსიმალურ დახმარებას და თანამშრომლობას უზრუნველყოფს -რეჯეფ თაიფ ერდოღანი 12.11.2025 16:58

საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის შავი ყუთი ნაპოვნია, საქართველოს ხელისუფლება პროცესში მაქსიმალურ დახმარებას და თანამშრომლობას უზრუნველყოფს, ჩვენი აზერბაიჯანელი ძმებიც ასევე უზრუნველყოფენ ყველა საჭირო მხარდაჭერასა და წვლილს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს.

„გუშინ ღამით უზრუნველვყავით ჩვენი 46-კაციანი საგამოძიებო ჯგუფის ჩასვლა შემთხვევის ადგილზე. ჩვენი თვითმფრინავის შავი ყუთი ნაპოვნია და გამოძიება დაწყებულია. ვიპოვეთ ჩვენი 19 მოწამის ცხედარი. ბოლო ცხედრის ძებნა გრძელდება. ამ ტრაგიკულ ინციდენტს ყველა პერსპექტივიდან ვიძიებთ. საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესში მაქსიმალურ დახმარებას და თანამშრომლობას უზრუნველყოფს. ჩვენი აზერბაიჯანელი ძმებიც ასევე უზრუნველყოფენ ყველა საჭირო მხარდაჭერასა და წვლილს", - განაცხადა ერდოღანმა.

ცნობისთვის, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ