უკრაინის კორუმპირებული მინისტრთა კაბინეტი სრული შემადგენლობით უნდა გადადგეს -პეტრო პოროშენკო 17.11.2025 16:25

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პარტია „ევროპული სოლიდარობის" ლიდერი პეტრო პოროშენკო ქვეყანაში კორუფციული სკანდალის ფონზე მინისტრთა კაბინეტის დათხოვნის და რადაში ახალი კოალიციის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე საუბრობს. ამის შესახებ ნათქვამია პოროშენკოს განცხადებაში.

პოროშენკომ აღნიშნა, რომ კორუფციული სკანდალის შემდეგ „პარტნიორები შოკირებულები არიან, საზოგადოება კი - იმედგაცრუებული", ამიტომ რუსეთის სრულმასშტაბიანი რუსული ინტერვენციის ფონზე მნიშვნელოვანია შიდა დესტაბილიზაციის თავიდან აცილება და საჭიროა რეალური ერთიანობა.

პოროშენკომ დაასახელა „ანტიკრიზისული გეგმის" დებულებები, რომლებსაც მისი პოლიტიკური ძალა ორშაბათს პარლამენტს წარუდგენს.

„ნდობის აღდგენის ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროსა და ანტიკორუფციულ პროკურატურაზე თავდაუსხმელობის გარანტიებია. ახლა ყველას ესმის, თუ რატომ შეუტია პრეზიდენტის ოფისმა მათ ზაფხულში. იმიტომ, რომ მათ იცოდნენ ჩანაწერების შესახებ, ახსოვდათ, რა თქვეს და სურდათ საქმის ჩანასახშივე ჩახშობა. ახლა ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ უნდა გააგრძელოს ამ საქმეების გამოძიება, სადაც არ უნდა მივიდეს კორუფციის კვალი. სახელმწიფო გამოძიების ბიურომ უნდა მიიღოს მკაფიო სიგნალი, რომ არ ჩაერიოს ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობაში, შეწყვიტოს მათზე ზეწოლა, და ეს სიგნალი პრეზიდენტისგან უნდა მოდიოდეს", - ნათქვამია პოროშენკოს განცხადებაში.

ყოფილი პრეზიდენტის აზრით, შექმნილ სიტუაციაში არ არის საკმარისი მხოლოდ ორი მინისტრის გადაყენება, რადგან გამოქვეყნებულ ჩანაწერებში ფიგურირებს, სულ მცირე, ხუთი მაღალჩინოსნის სახელი.

„ამიტომ მთელი ეს კორუმპირებული კოლექტიური „მინდიჩის" მინისტრთა კაბინეტი უნდა გადადგეს სრული შემადგენლობით. საუბარია არა პერსონებზე, არამედ მართვის სისტემაზე", - აღნიშნავს პეტრო პოროშენკო.

„ევროპული სოლიდარობის" ლიდერი ასევე საჭიროდ მიიჩნევს ახალი, ქმედითუნარიანი კოალიციის ჩამოყალიბებას, რომელიც გააერთიანებს ყველა პატრიოტულ ძალას და რომელიც ჩამოაყალიბებს „უნაკლო რეპუტაციის მქონე სპეციალისტებისგან შემდგარ გადარჩენის ეროვნულ მთავრობას".

პოროშენკო კიდევ ერთ საჭიროებად ასახელებს გამოძიების სახელმწიფო ბიუროს სრულ გადატვირთვას გამჭვირვალე კონკურსის საფუძველზე, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით.

შეგახსენებთ, უკრაინის სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა და ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო კორუფციულ სქემას იძიებენ, რომლის ორგანიზატორად პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ახლო მეგობარს, სტუდია „კვარტალ 95-ის" თანამფლობელს, ტიმურ მინდიჩს ასახელებენ. როგორც ანტიკორუფციულ უწყებაში აცხადებენ, გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა მასშტაბური კორუფციული სქემა, რომელიც მოქმედებდა სახელმწიფო სექტორის სტრატეგიულ საწარმოში, კერძოდ, „ენერგოატომში". გამოძიების ფარგლებში გამოვლენილია საუბრების ჩანაწერები, რომელთა შორის, სავარაუდოდ, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრისა და იუსტიციის მინისტრის, გერმან გალუშჩენკოს საუბარიც არის.

უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში აცხადებენ, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების საქმიანობის გამოძიება - ოპერაცია „მიდასი" 15 თვე გრძელდებოდა. ამ ხნის განმავლობაში დეტექტივების განკარგულებაში საქმის ფიგურანტების საუბრის ათასობით საათის ჩანაწერი აღმოჩნდა. უკრაინული მედიის ცნობით, თავად ბიზნესმენმა და სტუდია „კვარტალ 95"-ის თანამფლობელმა, ტიმურ მინდიჩმა საკუთარი სახლის ჩხრეკამდე რამდენიმე საათით ადრე უკრაინა დატოვა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ