ჩვენ გვაქვს გეგმა, მშვიდობის მიღწევის გზა, ზელენსკის ამაზე დათანხმება მოუწევს-დონალდ ტრამპი 22.11.2025 12:01

თუ ზელენსკის ეს შეთანხმება არ მოსწონს, მაშინ მათ უბრალოდ უნდა განაგრძონ ბრძოლა. ვფიქრობ, თუ ის მას არ მიიღებს, აშშ უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ სამშვიდობო გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

რამდენიმე კითხვა ეხებოდა აშშ-ის 28-პუნქტიან გეგმას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინაში ომის შეჩერებას.

მისი თქმით, უკრაინამ უნდა იჩქაროს სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება.

„ჩვენ გვაქვს გეგმა. საშინელებაა, რაც იქ ხდება. ეს არასდროს უნდა მომხდარიყო და არც მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ეს სირცხვილია. მათ უფრო სწრაფად უნდა ემოქმედათ, მაგრამ ახლა ცივი ზამთარია და დიდ ენერგეტიკულ სადგურებზე თავდასხმები ხდება. ჩვენ გვაქვს მშვიდობის მიღწევის გზა. ზელენსკის ამაზე დათანხმება მოუწევს. ძალიან სამწუხაროა. მხოლოდ გასულ თვეს 25 000 ჯარისკაცი დაიღუპა. ასეთი რამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. საშუალოდ 6-7 ათასი სამხედრო იღუპება ორივე მხარეს ერთად. ვფიქრობ, ვუახლოვდებით დასრულებას, თუმცა პროგნოზირება არ მსურს", - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტს კითხვა დაუსვეს ზელენსკის წინაშე არსებული არჩევანის შესახებ, რაზეც ტრამპმა უპასუხა: „რაღაც მომენტში მას რაიმეს მიღება მოუწევს".

„იმას გულისხმობთ, რომ ზელენსკის არ მოსწონს? უნდა მოეწონოს და თუ არ მოსწონს, მაშინ ალბათ უბრალოდ უნდა გააგრძელონ ბრძოლა. რაღაც მომენტში მას მოუწევს რაღაცის მიღება. გახსოვთ, ოვალურ კაბინეტში, არც ისე დიდი ხნის წინ, ვთქვი: „შენ ხელში კოზირები არ გაქვს", - განაცხადა ტრამპმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ