22.11.2025 20:14
აშშ უკრაინას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების პირობების გაუარესებით დაემუქრა, თუ კიევი 28-პუნქტიან წინადადებას არ დათანხმდება, - ამის შესახებ The Guardian-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
21 ნოემბერს პრეზიდენტ ზელენსკისთან საუბრისა და თეთრი სახლიდან განხორციელებული სატელეფონო ზარის შემდეგ აშშ-ის არმიის მდივანმა დენ დრისკოლმა, რომელმაც უკრაინას ტრამპის სამშვიდობო გეგმა წარუდგინა, კიევში ნატოს ელჩებისთვის ბრიფინგი გამართა.
„ეს საშინელი შეხვედრა იყო. კიდევ ერთი კამათი იმის შესახებ, რომ „თქვენ არანაირი კარტი არ გაქვთ“, - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა დამსწრე პირმა.
გავრცელებული ინფორმაციით, დრისკოლმა უარი თქვა იმის დაკონკრეტებაზე, შეესაბამებოდა თუ არა მაგიდაზე არსებული შეთანხმება პრესაში გამოქვეყნებულ 28-პუნქტიან გეგმას. „ზოგი რამ მნიშვნელოვანია, ზოგი კი უბრალოდ ვიტრინის დეკორაციაა და ჩვენ ყველაზე მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე ვართ კონცენტრირებულნი“, - თქვა მან საპასუხოდ.
ევროპა შეშფოთებულია, რომ აშშ-მა და რუსეთმა უკრაინის ზურგს უკან, ჩუმად შეიმუშავეს ეს „სამშვიდობო გეგმა“ და ახლა კიევს მას დასრულებულად წარუდგენენ. დრისკოლმა ეს მიდგომა იმით გაამართლა, რომ ეს პროცესს უფრო მართვადს ხდის.
„პრეზიდენტ ტრამპს ახლა მშვიდობა სურს. რაც უფრო მეტი მზარეულია სამზარეულოში, მით უფრო რთულია ამის მოგვარება“, - განაცხადა მან, შეხვედრაზე მყოფი წყაროს ცნობით.
ამავდროულად, კიევში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ჯული დევისმა, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას, ევროპელ დიპლომატებს განუცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების პირობები უკრაინისთვის მკაცრია, კიევს სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ მათ დაეთანხმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალში მას უარესი პირობების წინაშე მოუწევს დადგომა.
„ეს შეთანხმებას კი არ გააუმჯობესებს, პირიქით, გააუარესებს“, - აღნიშნა მან.
ავტორ(ებ)ი :