24.11.2025 18:16
სარკინიგზო მაგისტრალის აფეთქების საქმეზე, პოლონეთში კიდევ ერთ უკრაინელს წაუყენეს ბრალი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, პოლონეთის პროკურატურამ ბრალი წაუყენა უკრაინის მოქალაქე ვლადიმირ ბ.-ს, რომელსაც ბრალი ედება რკინიგზაზე დივერსიის ხელშეწყობასა და წაქეზებაში.
ამგვარად, ის უკვე ამ საქმეში მესამე ეჭვმიტანილი უკრაინის მოქალაქეა.
როგორც მედია წერს, გამოძიების დროს პროკურორებმა და პოლონეთის პოლიციამ მოიპოვეს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ვლადიმერ ბ. ეხმარებოდა პოლონეთის რკინიგზაზე დივერსიაში უშუალოდ პასუხისმგებელ პირებს.
უკრაინის მოქალაქე 20 ნოემბერს დააკავეს და 22 ნოემბერს ბრალი წაუყენეს. გამოძიების თანახმად, თანამონაწილეობა მოიცავდა ლოგისტიკურ დახმარებას აღმოსავლეთ პოლონეთში, #7 რკინიგზის ხაზზე დივერსიის მომზადებასა და განხორციელებაში.
პროკურორების განცხადებით, მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები აჩვენებს, რომ 2025 წლის სექტემბერში ვლადიმერ ბ.-მ ევგენი ი. იმ ადგილას მიიყვანა, სადაც დივერსია იგეგმებოდა, რის შემდეგაც ასაფეთქებელი ნივთიერებების დადებამდე დაზვერვა განახორციელა. პოლონეთის ხელისუფლებამ რკინიგზის დივერსიის საქმეში მთავარ ეჭვმიტანილად ორი უკრაინელი დაასახელა. მედიის ცნობით, ისინი, სავარაუდოდ, რუსეთის სადაზვერვო სამსახურებისთვის მუშაობენ და ამჟამად პოლონეთის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან.
პოლონეთმა ცოტა ხნის წინ ბელარუსის საქმეთა რწმუნებული საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა, რათა რკინიგზის დივერსიაში ეჭვმიტანილი ორი უკრაინელი მოქალაქის ექსტრადიციის მოთხოვნით ნოტა წარედგინა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ დივერსიაში ეჭვმიტანილი უკრაინის ორი მოქალაქე პოლონეთში ბელარუსიდან დანაშაულის ჩასადენად ჩავიდა და შემდეგ უკან დაბრუნდნენ.
ავტორ(ებ)ი :