07.12.2025 13:07
აშშ-უკრაინის სამდღიანი მოლაპარაკებები, რომელიც მაიამიში მიმდინარეობა, შეხვედრის მონაწილეებსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბრით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას „აქსიოსი" ავრცელებს.
ამერიკულ დელეგაციას - აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, უკრაინულ მხარეს კი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი წარმოადგენდნენ.
გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მშვიდობის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა ორივე მხარის მოსაზრებები მოისმინეს, შემდეგ კი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს მოსთხოვეს, წასულიყვნენ დათმობებზე, რომლებიც შეთანხმების მისაღწევად არის საჭირო.
„აქსიოსის" ინფორმაციით, ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებული დისკუსია რთული იყო, რადგან რუსეთი უკრაინისგან დონბასის იმ ტერიტორიების დატოვებას ითხოვს, რომელსაც ამჟამად კიევი აკონტროლებს. თუმცა, გამოცემის ცნობით, ამ საკითხის გადასალახად ამერიკა ახალი იდეების შემუშავებას ცდილობს.
რაც შეეხება უსაფრთხოების გარანტიებს, მხარეებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს და შეთანხმებას კიდევ უფრო მიუახლოვდნენ, თუმცა ორი ქვეყნის დელეგაციები მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
„ძირითადი გამოწვევები ტერიტორიულ საკითხებსა და უსაფრთხოების გარანტიებს ეხება. ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ, რომ შეთანხმებული გადაწყვეტილებები იყოს რეალისტური, სამართლიანი და მდგრადი", - ციტირებს „აქსიოსი" აშშ-ში უკრაინის ელჩის, ოლგა სტეფანიშინას სიტყვებს.
ავტორ(ებ)ი :