,,აშშ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ახალი სანქციებით ემუქრება, თუ ის ტრამპის წინააღმდეგ საქმეს აღძრავს''- Reuters 10.12.2025 17:24

 

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას სურს, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ თავის წესდებაში ცვლილება შეიტანოს, რათა მომავალში მან დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის წევრების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაიწყოს. ინფორმაციას Reuters-ი ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

თეთრი სახლის მაღალჩინოსნის განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ სისხლის სამართლის სასამართლოს ახალ სანქციებს დაუწესებს.

თეთრი სახლი ჰააგის სასამართლოს კიდევ ორ პირობას უყენებს. კერძოდ, აშშ-ს სურს, რომ სისხლის სამართლის სასამართლომ ღაზის სექტორში ომის დროს ისრაელის სახელმწიფოს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები შეწყვიტოს და ოფიციალურად გამოაცხადოს, რომ ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის გამოძიება დასრულებულია. ამ პირობების შეუსრულებლობაც ახალ სანქციებს გამოიწვევს.

Reuters-ის მტკიცებით, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს როგორც „რესპუბლიკელები", ისე "დემოკრატები" დიდი ხანია აკრიტიკებენ. ამერიკის პოლიტიკური ელიტა ფიქრობს, რომ სასამართლო აშშ-ის სუვერენიტეტს თავს ესხმის.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, ამერიკულმა მხარემ სასამართლოს ცალკეულ წევრებს საკუთარი პოზიციის შესახებ აცნობა. ამასთან ერთად, აშშ არ არის რომის სტატუტის წევრი, რომლის საფუძველზე 2002 წელს სასამართლო შეიქმნა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ