15.12.2025 17:38
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ქვეყნის ისტორიაში პატიმრების ყველაზე მასშტაბურ ამნისტიას გეგმავს, რომელიც დაახლოებით 20 000 მსჯავრდებულს შეეხება.
როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, ილჰამ ალიევი აღნიშნული ინიციატივით 2025 წლის, როგორც კონსტიტუციისა და სუვერენიტეტის წლის აღსანიშნავად გამოვიდა.
„სუვერენიტეტის აღდგენას და კონსტიტუციის უმაღლესი იურიდიული ძალის სრულად დამკვიდრებას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი ხალხის უდიდეს ისტორიულ მიღწევად მიიჩნევს და ჰუმანიზმისა და თანაგრძნობის ტრადიციებით, სასჯელისგან გათავისუფლების რეაბილიტაციური მნიშვნელობის რწმენით და იმის რწმენით, რომ გათავისუფლებულები დაიცავენ კანონს, წვლილს შეიტანენ სახელმწიფოს განვითარებაში, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ამნისტიის გამოცხადების ინიციატივა წამოიწყო", - ნათქვამია განცხადებაში.
მედიის ცნობით, ამნისტია შეეხებათ იმ პირებს, რომლებიც მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად განხორციელებულ საბრძოლო ოპერაციებში, ასევე ამ ოპერაციებში დაღუპული ან დაკარგული პირების ახლო ნათესავებს, პირებს, რომლებიც დაინვალიდდნენ სომხეთის რესპუბლიკის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სამხედრო პროვოკაციის შედეგად, ასევე ქალებს, 60 წელს გადაცილებული ადამიანებს და სხვა პირებს.
გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს სასჯელისგან ნაწილის შემცირებას იმ პირთათვის, რომლებიც თავისუფლების აღკვეთას იხდიან ნაკლებად მძიმე დანაშაულებისთვის ან გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულებისთვის.
როგორც ცნობილია, ამინისტია 20 000-ზე მეტ მსავვრდებულს შეეხება. მათ შორის 5 000-ზე მეტი მსჯავრდებული გათავისუფლდება პატიმრობიდან, 3 000-ზე მეტ პატიმარს სასჯელი შეუმსუბუქდება, 7 000-ზე მეტი მსჯავრდებული გათავისუფლდება თავისუფლების შეზღუდვისგან, თითქმის 4 000 მსჯავრდებული გათავისუფლდება სხვა არასაპატიმრო ან პირობითი სასჯელებისგან და 1 000-ზე მეტი პირი გათავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან.
ავტორ(ებ)ი :