17.12.2025 12:16
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმ ქვეყნების სია გააფართოვა, რომელთა მოქალაქეებსაც აშშ-ში შესვლა აეკრძალათ.
„როიტერის" ინფორმაციით, ქვეყანაში შესვლა სრულად აეკრძალათ ბურკინა-ფასოს, მალის, ნიგერის, სამხრეთ სუდანის, სირიის, ლაოსისა და სიერა ლეონეს მოქალაქეებს. ამასთან, აკრძალვა შეეხება პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტების მფლობელ პირებს.
თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც „აფართოებს და აძლიერებს შესვლის შეზღუდვებს იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებსაც აქვთ დადასტურებული, მუდმივი და სერიოზული ხარვეზები სკრინინგის, შემოწმებისა და ინფორმაციის გაზიარების კუთხით. სირიისთვის აკრძალვის დაწესების ოფიციალურ მიზეზად თეთრმა სახლმა სირიის მოქალაქეების მიერ აშშ-ში ვიზით გათვალისწინებული ვადების გადაცილება დაასახელა.
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აკრძალვა ძალაში 2026 წლის პირველი იანვრიდან შედის.
დონალდ ტრამპმა ივნისში აშშ-ში შესვლა 12 ქვეყნის მოქალაქეებს აუკრძალა. აკრძალვა ავღანეთის, მიანმარის, ჩადის, კონგოს რესპუბლიკის, ეკვატორული გვინეის, ერიტრეას, ჰაიტის, ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანისა და იემენის მოქალაქეებზე გავრცელდა.
ავტორ(ებ)ი :